
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში ახალ პროექტს და კამპანიას იწყებს - „პროფესია პოლიციელის“, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაციაა.
მათი ცნობით, შს მინისტრმა გელა გელაძემ მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას შსს აკადემიაში წარუდგინა.
შს მინისტრმა, პროექტის წარდგენისას ყურადღება პოლიციის საქმიანობასა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ახალი კამპანია ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.
„სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - „პროფესია პოლიციელი“, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელების მიღწევებს, შედეგებს, წარმატებებსა და ყოველდღიურ საქმიანობას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას პოლიციელის ძალიან ღირსეული და საამაყო პროფესიით“, - განაცხადა გელა გელაძემ.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სპეციალურად მოზარდებისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ.
კამპანია „პროფესია პოლიციელი“ 21 ნოემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ეწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, ადგილზე გაეცნოს ინფრასტრუქტურასა და დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკას და ჩაერთოს სიმულაციურ აქტივობებში.