რეზონანსი
18.11.2025

"ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მაჩვენებელი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. ევროკომისია ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქვეყნებს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება. ასევე ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ 2025 წლისთვის ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.4%-ია,  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7.3%-ს შეადგენს. მისი თქმით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებში გაგრძელდება და 2025-2027 წლებში საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 5.9%-ით, კანდიდატი ქვეყნების 3.4 პროცენტით, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკა 1.4%-ით გაიზრდება.

"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდაა", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×