
დეზინფორმაცია, კორუფცია, მთავრობების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და ექსტრემისტული პოლიტიკის ზრდა - ეს ფაქტორები ცხრა ქვეყანაში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ, დემოკრატიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეებად დაასახელა. საერთაშორისო კვლევა IPSOS-მა ჩაატარა. დასავლეთის ქვეყნებში მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა დემოკრატიის ხარისხით და შიშობს, რომ მომავალშიც კიდევ უფრო დიდი გამოწვევებია მოსალოდნელი.
IPSOS-ის კვლევის მიხედვით, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, აშშ-ში კი დემოკრატიის დონით უკმაყოფილებას 53% გამოთქვამს, გაერთიანებულ სამეფოში - 51%. ამავე დროს საფრანგეთში 86% და ესპანეთში 80% შიშობს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება მომდევნო წლებშიც. ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობები მათ შეხედულებებს სათანადოდ არ წარმოაჩენენ.
დემოკრატიულ სამყაროში მოსახლეობის უკმაყოფილება მთავრობის მისამართით ბუნებრივი პროცესია მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთის ქვეყნებში კრიტიკის გამოხატვა თავისუფლად არის შესაძლებელი.
IPSOS-ის კვლევა Politico-მ გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, გამოკითხვა იმ დროს ტარდება, როდესაც მზარდია შეშფოთება, რომ დასავლეთში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა უკმაყოფილოა თვითმმართველობის სისტემების წინაშე არსებული პრობლემებით. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გამოკითხვამ ნათლად წარმოაჩინა ის საფრთხეები, რაც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებობს. უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, უცხოელი მოქალაქეების მიერ გამოთქმული კრიტიკა იმ ბრალდებების იდენტურია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ბიუროკრატიას უყენებს.
IPSOS-ის კვლევაში მონაწილეობა ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების 10 000-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო.