რეზონანსი
15.11.2025

უკრაინის კორუფციული სკანდალი ისევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტისგან პასუხებს ითხოვენ და ღიად მოუწოდებენ გამჭვირვალე გამოძიებისკენ.

კორუფციის მოთმენის შემთხვევაში, უკრაინას წაგებას უწინასწარმეტყველებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. დონალდ ტუსკის განცხადებით, პროუკრაინული ენთუზიაზმი დღეს გაცილებით ნაკლებია, ხალხი კი ომით და ხარჯებით დაიღალა.

1000 მილიონი დოლარის კორუფციული საქმის კვალი უკრაინელ მაღალჩინოსნებამდე და ზელენსკის ახლო გარემოცვამდე მივიდა. კორუფციის გამო გაასამართლებენ უკრაინის პრეზიდენტის მეგობარს, ტიმურ მინდიჩს, რომელმაც ქვეყანა დატოვა. უკრაინიდან გაიქცა მისი ფინანსისტიც. თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრმაც.

უკრაინის ხელისუფლებას გამოძიებისკენ მოუწოდებენ ომში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებიც. ადგილობრივები კონკრეტული პირების დასჯას ითხოვენ.

უკრაინის მთავრობამ სახელმწიფო კომპანიების აუდიტი დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით გააკეთა. საქმის დეტალებზე ისაუბრა ქვეყნის პრემიერმაც.

რისთვის და რა ფორმით იხარჯება ევროკავშირიდან მიღებული თანხები უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალზე შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას ზუსტ ანგარიშს სთხოვენ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებს მიმართავს გადახედონ უკრაინის დახმარების საკითხს.

კორუფციასთან შეგუების პოლიტიკა რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესში შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, ამაზე საუბრობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. რადისლავ სიკორსკის თქმით, ევროკავშირი სამართლიანობას მოითხოვს.

კორუფციულ სკანდალში უკრაინის მთავრობის შესაძლო ჩართულობაზე მიანიშნებს იტალიის ვიცე-პრემიერიც.

კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, სტატიას ავრცელებს "პოლიტიკოც". გამოცემის ინფორმაციით, დასავლელ პარტნიორებს უკრაინაში კონკრეტული ანტიკორუფციული რეფორმების ხილვა სურთ, რათა დარწმუნდნენ, რომ ომში მყოფი ქვეყნისთვის გაწეული დახმარება რეალურად ფრონტის ხაზზე მიდის.

შეგახსენებთ, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ენერგეტიკულ სექტორში ასი მილიონი დოლარის კორუფციული სქემა გამოავლინა. დანაშაულებრივ საქმიანობაში სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომი" იყო ჩართული. გამოძიების ინფორმაციით, "ენერგოატომის" კონტრაქტორები იძულებულები იყვნენ კომპანიისთვის ქრთამი გადაეხადათ, რომ მათი პროდუქცია არ დაბლოკილიყო, სქემას კი, ზელენსკის გარემოცვის წევრები ხელმძღვანელობდნენ.

ქრთამისა და ფულის გათეთრების საქმეებში 10-მდე პირია ბრალდებული, მათგან 5 პატიმრობაშია. დანაშაულებრივი სქემა კი იმ ორგანიზაციებმა გაშიფრეს, რომელთა დამოუკიდებლობის გაუქმებასაც ზელენსკიმ რამდენიმე თვის წინ ხელი მოაწერა, თუმცა მალევე საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×