რეზონანსი
12.11.2025

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ C-130 ტიპის თვითმფრინავს, რომელიც გუშინ საქართველოში ჩამოვარდა, აფეთქების ან გარე ზემოქმედების კვალი არ აღენიშნება. ინფორმაციას apa.az საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს F-16 ტიპის გამანადგურებლის ნაწილები აზერბაიჯანიდან თურქეთში გადაჰქონდა. ბორტზე აგრეთვე იმყოფებოდა თურქეთის შეიარაღებული ძალების 20 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ გამარჯვების აღლუმში მონაწილეობდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ.

„C-130-ის ფიუზელაჟზე გარე ზემოქმედების ელემენტების არარსებობა მის ჩამოგდებას გამორიცხავს. თუ ვივარაუდებთ, რომ თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, მის ფიუზელაჟზე აფეთქების კვალი უნდა არსებობდეს“, - წერს apa.az საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, C-130 ტიპის თვითმფრინავი ექსპლუატაციაში დიდი ხნის განმავლობაში იყო. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავის კორპუსს კოროზია ჰქონდა, რაც კატასტროფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გარდა ამისა, ექსპერტები კატასტროფის მეორე ვერსიასაც განიხილავენ. კერძოდ, შესაძლოა, თვითმფრინავში ტვირთი რეგლამენტის დარღვევით იყო დამაგრებული. გადასატანი ტვირთის დამაგრების წესების დარღვევასაც შეუძლია თვითმფრინავის კატასტროფის გამოწვევა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×