რეზონანსი
11.11.2025

6.5 მილიონი დოლარი, რაც ღარიბაშვილის სახლში აღმოაჩინეს, არ არის რეალური თანხა და დავის რეალური საგანი. საუბარია, რაც დამალულია და არ ეხება გამოძიება , - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტი-კორუფციული პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილს კახეთში ერთგვარი ფეოდალური სისტემა ჰქონდა შექმნილი და სხვადასხვა საშუალებით ფული მის გარემოცვასთან მიდიოდა.

„ქართული ოცნება" ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ებრძვის კორუფციას და შეცვალა მიდგომა. თუმცა, თუ შევხედავთ, ვისზე მიმდინარეობს გამოძიება, სულ რამდენიმე ადამიანის გარშემო ტრიალებს - ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი. ისინი არაფერს ისეთს არ აკეთებდნენ, რასაც არ აკეთებდა ყველა სხვა.

ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 250 ელიტური კორუფციის შემთხვევა შევაგროვეთ. აქ არის, დაახლოებით, 30-მდე მინისტრი და მინისტრის მოადგილე, 17 მოსამართლე, 30 დეპუტატი და ა.შ.

ეს [გამოძიება] ყველაფერი მოჩვენებითია იმიტომ, რომ სისტემა შინაარსით არის კორუფციული და ეს არ შეცვლილა. ვინც აქამდე იყო ჩართული კორუფციაში, დღემდე ჩართულია და გამოძიება ამაზე დღემდე დუმს, ამიტომ ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეიძლება შეამციროს ან აღმოფხვრას კორუფცია.

6,5 მილიონი დოლარი, რაც ღარიბაშვილის სახლში აღმოაჩინეს, არ არის რეალური თანხა და დავის საგანი. საუბარია, რაც დამალულია და გამოძიება არ ეხება. მარტო ჩვენი გამოძიებები რომ აიღოთ ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრების კომპანიას კახეთში მიღებული აქვს დაახლოებით 400 მილიონი ლარის შესყიდვები ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეს იყო მხოლოდ ერთი გამოძიება და ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში მთელი კახეთი მისი იყო რეალურად, ერთგვარი ფეოდალური სისტემა გვაქვს აქ - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებიდან დაწყებული, რთვლის სუბსიდირებით გაგრძელებული და ჰესების ნებართვებით დამთავრებული - ყველაფერი მიდიოდა ღარიბაშვილის გარემოცვაში.

რეალური თანხა რაც არის მოპარული, გაცილებით დიდია, ვიდრე რაც სახლში უპოვეს", - განაცხადა ქევხიშვილმა.

მან ასევე თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზეც უამრავი ინფორმაცია არის დაგროვილი, თუმცა, ჯერჯერობით არ ეხებიან.

„კალაძეზეც ბევრი გამოძიება არსებობს, რა თქმა უნდა. მისი საუკეთესო მეგობარი ილია წულაია მთავარი დეველოპერი გახდა კალაძის მერობის დროს. მას ყველაზე დიდი და ყველაზე უცნაური მშენებლობის ნებართვები და პროექტები აქვს მიღებული. ასევე, მასთან დაკავშირებულ კომპანიას გადასცა თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედანზე ოთხი შენობა, რომელიც ბიუჯეტის ფულით იყო გარემონტებული. უკონკურენტო აუქციონის პირობებში მისცეს პირდაპირ წულაიასთან დაკავშირებულ კომპანიას, ანუ ჩვენ გავარემონტეთ და მივეცით მას. ერთ-ერთი მთავარი საეჭვო გარემოება ამ საქმეში იყო ის, რომ გადაცემის შედეგად ვალდებულებები არ ყოფილა დაკისრებული, ანუ ამ შენობებში რაც უნდა, იმას გააკეთებს.

კალაძეზე ბევრი ასეთი ინფორმაციაა დაგროვილი, მაგრამ მას ჯერჯერობით არ ეხებიან", - აღნიშნა ქევხიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×