
ფაქტია და ვერ გაექცევით, როიმ ოთხ მუნიციპალიტეტში შექმენით კოალიცია "ნაციონალური მოძრაობასთან" ერთად. ეს პირდაპირი პარტნიორობაა "ნაცებთან". ერთად იტყუებოდით, რომ შავი ხვრელი არის საქართველო რუსეთისთვის სანქციების არიდების კუთხით და ამასთან დაკავშირებითაც კარგად იცით, რომ ბრიტანელებმა, ამერიკელებმა, ბოლოს დევიდ ო სალივანმაც მადლობა გადაგვიხადა, რომ ძალიან გამართულად ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც და გვეგონა რატომღაც, რომ ამასთან დაკავშირებითაც კომენტარს გააკეთებდით, მაგრამ, ვერ აკეთებთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებს განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ოპოზიციამ, მათ შორის, გახარიას პარტიამ ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლითაც, გამჭვირვალობის შესახებ კანონს "რუსული კანონი" უწოდა. ასევე, მაჭავარიანმა მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს, საზოგადოებას განუმარტონ, ისინი ეთანხმებიან თუ არა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს.
"სპეცოპერაციას რომ ეძახით ხოლმე, ძალიან სასაცილო არის არჩევნებსაც, არჩევნების ბოიკოტსაც, შემდგომ პერიოდსაც - მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, "რუსული კანონი" რომ უწოდეთ, რომლის ავანგარდშიც ქალბატონი კელი დეგნანი იყო, ქართულ უმარტივეს, 6-გვერდიან გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელიც ითხოვდა მხოლოდ დეკლარირებას ითხოვდა, რა არის ამაში რუსული? მე თქვენ კითხვა დაგისვით და ველოდებოდი პასუხის მიღებას, დეკლარირება არის რუსული თუ "ფარა" რომ გადმოვიღეთ სიტყვასიტყვით ნათარგმნი, ეგ არის რუსული? რატომ შეიყვანეთ საზოგადოება შეცდომაში და ამ სპექტაკლში მონაწილეობა რატომ მიიღეთ, იქნება აგვიხსნათ. ამან კონფლიქტები გამოიწვია ოჯახებშიც და სამეგობროებშიც.
ლგბტ კანონთან დაკავშირებით ჩემს წინა გამოსვლაში განვაცხადე, რომ თქვენ, გამიზნულად აარიდეთ თავი და მესამე მოსმენაზე თქვენი პარტია საერთოდ არ შემოსულა და არც ერთი კანონისთვის მხარი არ დაუჭერია, ხომ ასე იყო? იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, თქვენ მხარს უჭერთ თუ არა ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონს, თუ მომხრე ხართ ლგბტ პროპაგანდის საქართველოში? დრო მოვიდა, ადრე თუ გვიან უნდა უთხრათ საზოგადოებას, მხარს უჭერთ ამ კანონს თუ ემიჯნებით," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.