
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს.
კანონპროექტი, ცალკეული საგადასახადო შეღავათების ვადის 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებასთან ერთად, ითვალისწინებს ბაზრობის ორგანიზების და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის გაუქმებას.
ასევე, კანონმდებლობაში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება დამაზუსტებელი ხასიათის ცვლილებები.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები კომიტეტის წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა გააცნო.
კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან სპეციალური სავაჭრო ზონისა და ბაზრობის ორგანიზების მარეგულირებელი ნორმების ამოღებას. პროექტით განისაზღვრება, რომ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვისა.
კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო სფეროში 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დებულებების მოქმედება გაგრძელდება 2028 წლის 1 იანვრამდე. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი.
2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება თამბაქოს ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებული შეღავათის მოქმედების ვადა. ასევე 2028 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება ფიზიკური პირისთვის, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა. 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობების სრულად დასრულების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას 2028 წლამდე.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.