
ჩვენთვის დონალდ ტუსკის განცხადება ახალი არ არის. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან სწორედ ეს რიტორიკა, არგუმენტები გვესმის. ეს ყველაფერი აქამდე ფარდის მიღმა თუ იყო, უკვე საჯაროდ გვესმის. ხედავენ, რომ, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, პირდაპირი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სუვერენულ უკრაინასთან ძლიერი, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესების დავიწყების გარეშე, პოლონეთისთვის დიდი შესაძლებლობაა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინის დახმარებაზე, რადგან ომს თუ წააგებს, პოლონეთში ვითარება რადიკალურად უარესობისკენ შეიცვლება“.
„გეოპოლიტიკური მიზნების გამო, მათთვის სასურველია, თუ უკრაინასთან ერთად, სხვაგან იქნება დაძაბულობის წერტილები, რაც რუსეთს ჩააბამს და დატვირთავს სხვა საკითხებით. საქართველოს გადმოსახედიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოების გარემო საქართველოსთვის ნაკლებ პრობლემური იყოს. სხვა ქვეყნებს საკუთარ ინტერესებზე ფიქრი შეუძლიათ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საქართველოს ინტერესების ხარჯზე“, - განაცხადა მახაშვილმა.