
პარლამენტის თავმჯდომარისთვის დემოკრატიის პატივისცემაზე გადის ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა. "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ სტატუსში შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ ბოლო დროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებული ურთიერთობის ძირითადი მიზეზი სწორედ დემოკრატიის უპატივცემულობაა. მისი თქმით, შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და სხვა ხალხების არჩევანში ერეოდე, არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს და არ გმობდე 4 ოქტომბრის ძალადობას.
სოციალურ ქსელში სტატუსის გამოქვეყნებამდე, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელის მხრიდან დაკარგულ ღირებულებებზე ტელეკომპანია "კურიერი P.S.-თან" ინტერვიუშიც ისაუბრა.
"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, თუ ევროპული ბიუროკრატია შეცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და სამართლიან მიდგომებზე გადავა, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.
ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩიხში მმართველი გუნდის პოლიტიკამ შეიყვანა. ოპოზიციის აზრით, ბრიუსელს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სამართლიანი მიდგომა აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თუ ევრობიუროკრატია საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე უარს იტყვის და უსაფუძვლო კრიტიკის რეჟიმში დარჩება, ეს ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუტების მიმართ სკეპტიკურ განწყობას გაზრდის.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დასავლურ სტრუქტურებსა თუ ინსტიტუტებზე თავდასხმა ხელისუფლების ინტერესში არ არის და "ქართული ოცნების" რეაქცია ყოველთვის ბრიუსელის მოქმედებიდან გამომდინარეობს.