რეზონანსი
10.11.2025

 ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა. შედეგად, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, საქართველო ბიუროკრატიის ხარისხით მსოფლიოში 25-ე, ევროპის მასშტაბით მე-17-ე, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობო ლიდერია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყანაში ეფექტიანი მარეგულირებელი ჩარჩო არსებობს, რომელიც ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

„ამასთან, ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც ბიზნესისთვის სახელმწიფო სერვისების ეფექტიან მიწოდებაზეა ორიენტირებული. ყოველივე ზემოაღნიშნული, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის განვითარების კუთხით კარგ საფუძველს ქმნის, რომელიც, თავის მხრივ, კერძო სექტორის შემდგომ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზეა ორიენტირებული", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ბიუროკრატიის ხარისხის შეფასების შედეგებით, საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, მათ შორის, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს 17 წევრ სახელმწიფოს. მათ შორის არიან იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ხორვატია, ბალტიის ქვეყნები, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×