
საკონსტიტუციო სარჩელში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში თუ მიდის და სამართალწარმოების პროცესს იწყებს, „ნიშნავს, რომ ცივილური გზა აურჩევიათ“.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა. ეს დაკვეთა ჯერ კიდევ 2012 წელს იყო. ექვსი თვე ვუყურებდით, საჯაროდ რამდენი ადამიანი მოჰყვა იმ უბედურებას, რაც თავს გადახდათ. საკონსტიტუციო სარჩელში ისეთი მტკიცებულებებია, რაც ადასტურებს, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. „ნაცმოძრაობამ“ თავად აიკრძალა ყველაფერი, მათ შორის პარლამენტში მუშაობა, არჩევნებში მონაწილეობა და ახლა ამბობს, არჩევნებში მონაწილეობას გვიკრძალავენო. სასამართლოში თუ მიდიან, ეს ნიშნავს, რომ ცივილური გზა აურჩევიათ. თავიანთი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას მიხვდნენ, რომ ქუჩის პროტესტს მათივე ამომრჩეველიც არ უჭერს მხარს. როგორც ჩანს, ახლა სხვა გზის ძიება დაიწყეს. აქამდე სასამართლო უსამართლო თუ იყო, ახლა „უსამართლო“ სასამართლოში სამართლის საპოვნელად თავად მიდიან? პარტიების აკრძალვა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. ქურდს ქუდი ეწვისო, სასამართლოში მიბრძანდნენ და ამტკიცონ, რომ სიმართლე არ არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რაც ხალხმა საკუთარ თავზე გადაიტანა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას იწყებს. „საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით, ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.