„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.
„პარტიის მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ხელისუფლების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით „ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეექმნა ისეთი კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს - იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა. ამიტომ, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას იმიტომ, რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. ჩვენ ვიწყებთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანას რამდენიმე ეტაპად- პირველ ეტაპზე იქნება გასაჩივრებული და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. ღალატის კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.