
ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით. გვინდა, განმარტება გავაკეთოთ, რომ საქართველოს საგანმანათლებლო კანონმდებლობის მიხედვით არ არსებობს რეპეტიტორის დეფინიცია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.
იგი სოციალურ ქსელში ამ საკითხზე გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა. მისივე თქმით, კერძო რეპეტიტორებსა და დამკვეთებს, იგივე მშობლებს შორის ურთიერთობები სცილდება განათლების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის შედეგად განისაზღვრა გარკვეული ტიპის სფეროები, სადაც დაშვებულია დამატებითი საქმიანობა, მათ შორის ასეთად განათლების სფეროში განისაზღვრა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. დამსაქმებლის თანხმობით, პედაგოგებსა და აკადემიური წრეების, ასევე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დამატებით ეწეოდნენ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.
ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით. გვინდა, განმარტება გავაკეთოთ, რომ საქართველოს საგანმანათლებლო კანონმდებლობის მიხედვით არ არსებობს რეპეტიტორის დეფინიცია. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ვისაუბროთ გარკვეული ტიპის შეთავსებებზე. კერძო რეპეტიტორებსა და დამკვეთებს, იგივე მშობლებს შორის ურთიერთობები სცილდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, ის ვერ იქნება განმარტებული, როგორც პედაგოგიური საქმიანობა და მათზე ვერ გავრცელდება ამ მიმართულების შეზღუდვები.
დამატებით გვინდა განვმარტოთ, მაგალითად, არსებობს ტრენინგ ცენტრები, ისეთები, რომლებიც ამზადებენ საერთო ეროვნული გამოცდებისთვის ან იგივე, უცხო ენის კურსები, ის თუ რეგისტრირებულია და არსებობს, მათ შორის წერილობითი მომსახურების ხელშეკრულება, ან თუნდაც, შრომითი ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვრცელდება კანონის მოთხოვნები და აუცილებელი იქნება დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის გაცემა", - აღნიშნა გაბისონიამ.
ინფორმაცია, თითქოს ახალი კანონის მიხედვით, მასწავლებლებს სკოლის გარეთ, დირექტორის თანხმობის გარეშე მოსწავლეების მომზადება აღარ შეეძლებათ, სიცრუეა.