რეზონანსი
08.11.2025

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „კრისტალ ჯგუფის“ დამფუძნებელი, ვლადიმერ სტეფანიანი 1.8 მილიონის უკანონო შემოსავლისთვის გუშინ დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფის“ კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა პირმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს.

ვლადიმერ სტეფანიანი 1972 წელს დაიბადა. ბიზნესმენის იურიდიული მისამართი ბაკურიანშია და მისი ბიზნესებიც სწორედ ბაკურიანის საკურორტო ზონას უკავშირდება.

დეველოპერული კომპანია „კრისტალ ჯგუფი“ ბაკურიანში სტეფანიანმა 2008 წელს დააარსა. „კრისტალ ჯგუფმა“ საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. განვითარების შემდეგ ეტაპზე კი კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას.

„კრისტალ ჯგუფის“, იგივე შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანია. გარდა ამისა, სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ვლადიმერ სტეფანიანის სახელზე სხვა კომპანიებიც ფიქსირდება. კერძოდ: შპს ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ -HMG - იგივე „კრისტალი სასტუმრო & სპა“, რომელიც 2010 წელსაა დაფუძნებული და მის 100%-იან წილს სტეფანიანი ფლობს; შპს ბუენოს აირესი, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა მაშინ, როცა შპს „ოლ სიზონს რიზორტს“ გამოეყო. აღნიშნულ კომპანიაში სტეფანიანი 34.167%-იან წილს ფლობს, 27.5%-ს ბიზნესმენი - გიორგი რამიშვილი, 22.639%-ს - ალექსი თოფურია, ხოლო 15.694%-ს - თამაზ რამიშვილი; შპს საგა-ბაკურიანი, რომელიც 2018 წელს დაფუძნებული კომპანიია და რომლის 50%-იან წილს ვალდიმერ სტეფანიანი, მერაბ ცაგარეიშვილთან ერთად იყოფს; შპს „კრისტალვილი“, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა ბაკურიანში, იგი აპარტამენტების ბიზნესს წარმოადგენს და მის 100%-საც ვლადიმერ სტეფანიანი ფლობს; შპს „კრისტალსერვისი“, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და რომლის 100%-საც სტეფანიანი ფლობს; შპს „ნიკორა ბაკურიანი“ - ამ კომპანიის 50% სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორას“ ეკუთვნის, დანარჩენი 50% კი - სტეფანიანს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×