
„ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, რომელ კედელს ეცეს და ამოქექა რამდენიმე თვის წინანდელი წერილი, რომელიც ყველასთვის კარგად ცნობილია, ამაში არაფერია ახალი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ ევროპული ინტეგრაციის კურსი არასოდეს ყოფილა გაჩერებული.
„წერილში წერია, რომ არასწორი პოლიტიკური კურსის გამო საქართველოსთან ჩერდება ესა თუ ის თანამშრომლობის პაკეტი. ასეთი რამდენიმე ფაზა იყო, როდესაც „ქართული ოცნების“ არასწორი და არადემოკრატიული, არაევროპული კურსის გამო ესა, თუ ის თანამშრომლობის პაკეტი იქნა შეზღუდული ან სრულიად შეჩერებული. თუმცა, ევროპული ინტეგრაციის კურსი არასოდეს ყოფილა გაჩერებული ევროკავშირის მიერ. მეტიც, არა თუ ივნისში ახლაც, 2025 წლის ნოემბერშიც ღიაა მათი კარი.
როგორ შეიძლება, ევროკავშირს გაეჩერებინა რამე, როცა დღესაც ღიაა. ეს კარი ევროპას არ დაუხურავს. „ქართული ოცნებაში“ იმდენად უსუსური მატყუარები არიან, დღეს რომ კარები ღიაა, იმ კარზე ამბობენ, ეს კარი ივნისში დაგვიხურეს და ნოემბერში იმიტომ გამოვედით მაგის სათქმელადო. წარმოიდგინეთ, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე. დღესაც ეს კარი ღიაა და გვეუბნებიან, რომ თუ გავატარებთ სწორ პოლიტიკურ შინაარსს, ამ კარში შეგიძლია შეხვიდეთ და შენი ერი გაიყვანო კეთილდღეობისა და მშვიდობის სივრცეში. სამწუხაროდ, ეს კარი არის ცალმხრივად მიჯახუნებული ქართული მხარის მხრიდან რუსული პოლიტიკის გამო“, - განაცხადა გეგელიამ.