რეზონანსი
07.11.2025

18 წლის მამაკაცი, რომელიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მკვლელობის მომზადებას ადასტურებს, საქართველოში 19 ოქტომბერს შემოვიდა. კილერი ჰყვება, რომ საზღვარგარეთ მყოფი "კრიმინალური ავტორიტეტის", ელმურაზ მამედოვის დაკვეთით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ხორცის მაღაზიის მფლობელი უნდა მოეკლა. მიზეზი 200 000 დოლარია, რომლის გამოძალვას ხორცით მოვაჭრისგან მამედოვის დაჯგუფება ცდილობდა.

ის, რომ მამედოვი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდა, ეს იმ ფარული აუდიო ჩანაწერითაც დგინდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ჩანაწერში კრიმინალური ავტორიტეტი დანაშაულებრივ მითითებებს გასცემს და იმასაც აღიარებს, რომ მისი შეკვეთით სოფელ კაბალში ერთი ადამიანი უკვე მოკლეს. სავარაუდოდ საუბარია 41 წლის მამაკაცზე, რომელიც კაბალში 25 ივნისს ჩაცხრილეს. ის ბაზრის ტერიტორიაზე ასევე ხორცის მაღაზიას ფლობდა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე ელმურაზ მამედოვი საქართველოსა და საზღვარგარეთ სხვა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეშიც ფიგურირებს. 2021 წელს უკრაინის ქალაქ ოდესაში მან პირადად ჩაცხრილა ახალგაზრდა მამაკაცი, რის გამოც ელმურაზ მამედოვს საქართველოს გარდა, უკრაინაშიც ეძებენ.

საქართველოს მოქალაქე ელმურაზ მამედოვი "ქურდულ სამყაროში" იმ აზერბაიჯანული კლანის წევრია, რომელსაც ასევე საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი ხელმძღვანელობს. თავად ომაროვი ამჟამად სასჯელს ბრუკლინის ციხეში იხდის. ის ცნობილი ირანელი ჟურნალისტის და ამერიკაში ემიგრირებული დისიდენტის, მასიჰ ალინეჯადის შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×