რეზონანსი
07.11.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ პირებს: შოთა აფციაურს, დაჩი კეკელიას, ლევან გრძელიძესა და დავით პეტრიაშვილს, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ჯაკო ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. პროკურორ გიორგი დოლაკიძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა, ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს - 5-10-20 ათასი ლარის გამოყენებას ითხოვდნენ.

შემდეგი სხდომა 24 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

დღესვე, სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×