რეზონანსი
07.11.2025

ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული ჯაკო ჩარკვიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურორ გიორგი დოლაკიძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ ეთანხმება, ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვენ.

პროცესზე სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ჯაკო ჩარკვიანმა. მან დარბაზში მყოფ ოჯახის წევრებს და მეგობრებს ბოდიში მოუხადა.

„ბოდიში, ამ სიტუაციაში რომ აღმოჩნდით. მაპატიეთ იმ პასუხისმგებლობის გამო, რაც შეგიქმენით. მაპატიეთ, არ ვიცი, ეს შეცვლის რამეს თუ არა. არ ვიცი, როდის მოვალ კიდევ, ამიტომ ბოდიშს გიხდით“, - განაცხადა ჯაკო ჩარკვიანმა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სწორედ ჯაკო ჩარკვიანს დაურეკა და სუპერმარკეტში მოლარესთან მომხდარ დაპირისპირებაზე შეატყობინა. ჯაკო ჩარკვიანი ადგილზე გამოცხადდა ბრალდებულებთან შოთა აფციაურთან, დაჩი კეკელიასთან, ლევან გრძელიძესა და დავით პეტრიაშვილთან ერთად.

ცნობისთვის, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×