რეზონანსი
07.11.2025

რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი. რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ.

გუშინ, რამდენიმე ამერიკელმა კონგრესმენმა და სენატორმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც „ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან“.

კანონმდებლები რუბიოს მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნებიან ცილისწამების ან მიზანში ამოღების მსხვერპლნი. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად უპასუხოს მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ სიცრუეს, რამაც აშშ-ის ყოფილი პერსონალი საფრთხეში ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კანონმდებლების წერილს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თითქოს მან აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით. სენატორების განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დამოკიდებულია ადგილობრივ პერსონალზე, რათა შეასრულონ სამუშაო აშშ-ის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მითითებებით.

სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ ინტერვიუს დროს იმ სქემაზე ისაუბრა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა არხების გავლით თანხების შემოდინება რადიკალური გეგმების განსახორციელებლად. მდინარაძემ მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ „ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და დაახლოებით 95 - 98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს“.

ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც განმარტა, რომ 2022 წლიდან მოყოლებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ პროცესებში, რაც მისივე თქმით, ნიშნავდა იმას, რომ "თავის დროზე, ამერიკული წყაროებიდან ღიად ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები NGO-ების მეშვეობით“. პრემიერმა ისიც განმარტა, რომ სუს-ის ხელმძღვანელს მხედველობაში არ ჰქონია USAID-ის მიერ ჩარიცხული საპენსიო თანხა.

ამ თემაზე სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ელჩს აშშ-ში, თამარ ტალიაშვილს. პრემიერმა კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ელჩმა მეგობრულ გარემოში ისაუბრა საკითხით დაინტერესებულ პირებთან და ყველაფერს ნათელი მოეფინა.

შესაბამისად, აქტიური კომუნიკაციის შედეგად სახელმწიფო დეპარტამენტს მიეწოდა სრული ინფორმაცია მამუკა მდინარაძის ინტერვიუს აქცენტებსა და შინაარსზე. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კონგრესმენმა, რომლებიც სავარაუდოდ ინფორმირებულნი არიან სიმართლის თაობაზე, მაინც ტყუილზე დააფუძნეს საკუთარი მიმართვა მარკო რუბიოს მიმართ, რაც შემდგომში საქართველოში მოქმედმა მიკერძოებულმა მედიასაშუალებებმა დამატებითი დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×