
პროკურატურამ რვა ოპიზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლებროვი დევნა დაიწყო და მათ, არც მეტ არც ნაკლები, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს. სიიდან ექვსი უკვე ციხეშია, დანარჩენი ორის - „ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, უწყება სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
სიაში, ჯაფარიძე-ხაზარაძის გარდა, არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. როგორც 6 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თქვა, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს არის პასუხი ევროკომისიის მწვავე დასკვნაზე. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ „ოცნება" ჩქარობს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას". ელენე ხოშტარიას თქმით, „ოცნების" წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობდა და კვლავაც იმუშავებს. თინა ბოკუჩავა კი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ერთიანი ფლანგით უნდა იბრძოლოს.
პროკურატურის განცხადება
გვარაკიძის თქმით, „აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. რაციებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად პარტიების ოფისებიდანაა ამოღებული".
„გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს", - აცხადებს პროკურატურა.
უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება სსკ-ს 317-ე მუხლით - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.
დევნის მიზანი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ეს არის გაბრაზებული კაცის განცხადება, გაბრაზება კი დასავლეთში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია.
„ოცნება" ავტორიტარიზმის რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ მიდის და თუ მას საბოლოოდ დიქტატურის დამყარება აქვს განზრახული, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები, რა თქმა უნდა, ხელისშემშლელი ფაქტორია. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ეს, რაც ახლა გაკეთდა, უფრო გაბრაზებული კაცის განცხადებას ჰგავს, ვიდრე იმას, რომ ვიღაცამ სერიოზული ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
„გაბრაზება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ როგორც ბრიუსელში, ისე ვაშინგტონში „ოცნებისთვის" საკმაოდ არასასიამოვნო პროცესები მიდის, იქ კონგრესმენებმა რუბიოს სთხოვეს, რომ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ გარკვეული განცხადება გაეკეთებინა. როგორც ჩანს ამის გამოძახილია, რომ ასე სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება.
„რთული წარმოსადგენია, რომ ასეთივე ტეპმში მოჰყვეს პასუხი დასავლეთიდან, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ რუბიოსგან აუცილებლად „ოცნების" პოლიტიკის სწორ შეფასებას მოითხოვენ",- განაცხადა ძაბირაძემ.
ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დევნის მიზანია პოლიტიკური ველიდან დესტრუქციული ძალების გაყვანა.
„მიზანია პოლიტიკური ველიდან დესტრუქციული ძალების გაყვანა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს სტაბილურობასა და კონსტიტუციურ წყობილებას. როგორც პროკურორის განცხადებიდან ირკვევა, ისინი ისეთ საქმიანობას ეწეოდნენ, რაც ცივილური პოლიტიკური ოპონირების ჩარჩოებში არ ჯდება. ცივილური პოლიტიკური ოპონირება აქამდე ყველასთვის ყოფილა დაშვებული და არავის მიმართ ამის გამო სისხლის სამართლებრივი საქმეები არ აღძრულა და დევნა არ დაწყებულა. როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა წითელ ხაზს გადააბიჯეს და ცივილური ოპონირებიდან არაცივილურ ოპონირების რელსებზე გადავიდნენ, რაც ნებისმიერ ქვეყანაშია დასჯადი.
„ალბათ პროკურატურას მტკიცებულებები აქვს, თორემ ასეთ ხმამაღალ განცხადებას არ გააკეთებდა და ეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამატებითი არგუმენტი იქნება პარტიების აკრძალვა-არაკრძალვაზე გადაწყვეტილების მისაღებად", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ხაზარაძე-ჯაფარიძის გირაო
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ოცნებამ" სავაჭროდ მაინც დატოვა გარკვეული ლუფტი. გარდა ამისა, დანარჩენები, ვისზედაც იქ ლაპარაკია, ყველა უკვე ციხეშია და სხვა რამის მოთხოვნას რა აზრი აქვს?
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ საქმე გვაქვს ერთგვარ პოლიტიკურ მანევრთან.
„ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს ერთგვარ პოლიტიკურ მანევრთან. ეს პოლიტიკური პარტია და მისი ლიდერები, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდნენ, გარკვეულწილად დაინდეს, ან შესაძლოა მათ მიმართ საკმარისი მტკიცებულება არ ჰქონდათ. უფრო პოლიტიკური მანევრი მგონია და შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს" პარტიის აკრძალვაზე უარი თქვას", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ვადამდელი არჩვენები?
კითხვაზე, როდესაც პოლიტიკურ ველზე აღარ იფუნქციონირებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ „ოცნება" ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავს, ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს, რომ დღეს ხელისუფლებას უფრო სხვა პრობლემები აქვს.
„ახალი არჩევნების დანიშვნას რა აზრი აქვს? თუ ლაპარაკია იმაზე, რომ მან საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, თუ ლეგიტიმაცია არ იქნება, მაშინ რა აზრი აქვს ამ დანიშვნას?! ამიტომ, არ მგონია, რომ ახლა „ოცნება" იმაზე ფიქრობდეს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს თუ არა. მე მგონი დღეს ხელისუფლებას უფრო სხვა პრობლემები აქვს, უნდა, რომ როგორმე არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოს და დალაგოს ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ განცხადებამ კი, რაც გაკეთდა, „ქართულ ოცნებას" სწორედ ამის საშუალება მოუსპო. ფიქრობდნენ, რომ დაჭერილი პოლიტიკოსების გამოსყიდვით დასავლეთი რაღაცნაირად დათმობაზე წავიდოდა, რადგან ეს არ გაკეთდა, ამიტომაც გაბრაზებულებმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, თუმცა, არ მგონია, რომ ამან „ოცნებას" რაიმე სიკეთე მოუტანოს," - განაცხადა ძაბირაძემ.
ზაალ ანჯაფარიძე კი ამის ალბათობას არ გამორიცხავს.
„ალბათობა 50/50-ზეა. ეს დიდწილად დამოკიდებულია როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკურ კონიუქტურაზე, იმაზე, როგორ წავა ურთიერთობები კოლექტიურ დასავლეთთან, შიგნით რამდენად დასტაბილურდება სიტუაცია და „ოცნება" როგორ იგრძნობს თავს პოლიტიკური სიძლიერის კუთხით. ამ და კიდევ სხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული ახალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნა. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა როგორი იქნება. „ოცნებამ" ვადამდელი არჩევნები მაშინ უნდა დანიშნოს, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული იქნება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, სხვა შემთხვევაში ვერ ვხედავ არჩევნების დანიშვნის აზრს", - თქვა ანჯაფარიძემ და დასძინა, რომ დღეს „ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლსეობის მოპოვებაში დარწმუნებული არ არის.