
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების ხისტი ნაბიჯები ოპოზიციის წინააღმდეგ სწორედ ამ უკანასკნელის ბრალია, რომელმაც მთავრობა „აიძულა", მათ წინააღმდეგ ემოქმედა - ასე აფასებს ის პროკურატურის გადაწყვეტილებას, ოპოზიციის რვა ლიდერის მიმართ დევნის დაწყებაზე.
პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის" წევრ გიორგი ვაშაძის, „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრების ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, ასევე „ლელოს" წევრების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლები ნაბიჯი დაგვიანებულიც კია, თუმცა სწორი.
„დიდი ხანია ამ ადამიანების წინააღმდეგ ამა თუ იმ ბერკეტის გამოყენება შეეძლო ხელისუფლებას, მაგრამ ახლა ასე მკვეთრად რატომ დააყენა ეს საკითხი, ალბათ ეს აინტერესებს ხალხს. მე მაინც მგონია, რომ ბოლო ხანებში ოპოზიციის მიმართ კანონის გამკაცრება ნაწილობრივ მათი დამსახურებაა. დაახლოებით ისე, როგორც მომიტინგეების მიმართ გამკაცრდა კანონი, ვინაიდან ისინი კანონს არღვევდნენ და მაშხალებს ისროდნენ.
„ანალოგიურია აქაც, ოპოზიციამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რაც ხელისუფლებას ბევრ სიძნელეს უქმნიდა, კერძოდ ევროპიდან ულტრალიბერალური ძალები საქართველოს უტევენ. როგორც წესი, მათი ტექსტები ემთხვევა იმას, რასაც სავარაუდოდ ოპოზიცია აწვდის. აი, თუნდაც მოსამართლეების წინააღმდეგ რომ სანქციები დააწესეს, ოპოზიციონერებს ჰქონდათ მათ მიმართ პრეტენზიები. გამოდის, რომ ოპოზიციონერები მუშაობენ ხელისუფლების წინააღმდეგ უკვე არა შიგნით, არამედ გარე გავლენების გამოყენებით. ანუ ეძებენ, ვინ არის დაინტერესებული აქ ხელისუფლების შეცვლით და მათთან საერთოს ნახულობენ.
„ჩვენ გვახსოვს, დასავლეთმა ჩვენგან კოჰაბიტაცია მოითხოვა. საერთოდ, ეს მიღებული პრაქტიკაა დასავლეთში, როცა სხვადასხვა პოზიციის ადამიანები არიან პარლამენტში, ისინი ცდილობენ სახელმწიფოს არაფერი დაუშავონ და ისე ითანამშრომლონ. ასეთივე ამოცანა დადგა აქაც. მეორეს მხრივ, თუ ოპოზიცია ძალისმიერად შეუტევს ხელისუფლებას, ეს არ შეიძლება,თუმცა თუ მივა დასავლეთთან და სანქციებს მოთხოვს ხელისუფლების მიმართ, ეს ნებადართულია. ამ დროს კი სახელმწიფოსთვის ორივე მავნებელია. აი, ეს მავნებელი პრაქტიკა გავრცელდა. სწორედ ამიტომ გაამკაცრეს კანონი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრძოლაა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".