
სუპერმარკეტ „სპარის" თანამშრომლებზე მოწყობილი ჯგუფური ანგარიშწორების საქმეზე უკვე ხუთი პირია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანია. გამოძიება სსკ-ის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
შსს-მ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ჯ.ჩ-ს(ჯაკო ჩარკვიანს) სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდა, რომელიც ნივთმტკიცებადაა ამოღებული. დაკავებულის ოჯახი მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს. ჯაკო ჩარკვიანის მამიდა, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მისი ძმისშვილისა და ბიძის სახლების ჩხრეკვისას იარაღი არ ამოუღიათ.
ამ საქმეზე პირველი დაკავებული სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი აქტიური ოპონენტი, ახლა კი „ქართული ოცნების" მხარდამჭერი მანანა (მანჩო) გიორგობიანია. შსს-ს ინფორმაცით, ამა წლის 2 ნოემბერს გვიან ღამით გიორგობიანმა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც თავის ნაცნობს ჯაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. მათ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გარე ტერიტორიაზე გაიყვანეს და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწრდნენ.
თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მანამა გიორგობიანმა მის ძმისშვილს დაურეკა, ჯაკო და მისი მეგობრები სუფრასთან ისხდნენ და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. თუმცაღა, ამის მიუხედავად, მათი გარდაცვლილი მეგობრის დედას დახამრებაზე უარი ვერ უთხრეს. (მანჩო გიორგობიანს ვაჟი სანდრო ქოიავა 2016 წელს აშშ-ში გარდაეცვალა, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი გიორგობიანმა აქტიურობა შეწყვიტა.)
თაკო ჩარკვიანი იმასაც ამბობს, რომ თავად გიორგობიანიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მას 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ჩემი ინფორმაციით, ამ ქალმა [მანანა გიორგობიანმა] დაურეკა, მცემენ და მიშველეო, ის ჯაკოს გარდაცვლილი მეგობრის დედაა. ვიდეოშიც ისმის ფრაზა, „ახლა მე ბიჭებს დავურეკავო" და მერე ამბობს კიდეც, ამან, მეორემაც დამარტყა ხელიო. აბსოლუტურად შეცდომაში შეყვანაა ადამიანების... შვილის ხელა ბავშვებს რანაირად უნდა დაურეკო ქალმა, არ ვიცი.... გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს, მიშველე, მირტყამენ, მიშველეო, ჩახვალ, ადამიანური რეაქცია იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო. ძალიან ბევრი თვითმხილველია", - აცხადებს ჩარკვიანი.
„მიყვარს ჩვენი პატრული, მთელს მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურები და პოზიტიურები, ნამდვილად მეიმედებიან. თქვენ გაიხარეთ აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე ჩვენო საამაყოებო",- მანჩო გიორგობიანის 2 წლის წინანდელი ამ პოსტის სქრინს აზიარებს ფეისბუქზე თაკო ჩარკვიანი წარწერით: „აი ამ პოსტის ავტორმა, ამ ხელისუფლების მეხოტბე გიორგობიანმა, რატომ არ დარეკა მისთვის სათაყვანებელ პატრულში. ვიმეორებ, რომ ძალადობას- მოძალადეებს გამართლება არ აქვთ!! მაგრამ ლეგიტიმური კითხვები გვაქვს, რადგან ჩანს, რომ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო - ეს ფაქტია".
მანჩო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, რომელშიც შს მინისტრს, გეკა გელაძეს ემუქრებოდა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.
„გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა ბიჭო, აგწევთ ჰაერში მთელ შსს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან! ჩემი ძმა ბესო კოტრიკაძეა გაჩერებული ქუჩაში არაფრის გამო, ჩემთან წამალი მოაქვს, დედებს მოგიხნავთ თუ არ გამოუშვებთ და ჩემ გადაკიდებას გირჩევნია ორი ტომარა ცემენტი ათრიო. გაწყინათ ჩემმა ქებაი და დიდებაიმ! მაღლა მაღლა რომ დაფრინავ, მზის სხივი კი არა ხარ, ჭრიჭინას ძერასავით მოგხსნი ჰაერში! ტყვიას ტყვიაში კი ვაჯენ, ნაბანდიტარი ვერელი ვარ, თან ხილიანსკი!
„ვახტანგ გომელაურს არც ჩემთან არც სხვასთან კაცობაში და მინისტრობაში არაფერი შეშლია და მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური პოლიცია გადმოგაბარა, ჰოდა კი დავაბრუნებთ ისევ მინისტრად შე თავხედო, რას გვიბედავთ, სააკაშვილის პოლიციას აბრუნებ და რკინის მარწუხებს გვიჭერ?! როგორ გადმოგატრიალეთ, ისე გადაგატრიალებთ!" - წერდა გიორგობიანი.
მანჩო გიორგობიანი, როგორც „ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2013 წელს რესტორან "ლა ტრიუფეში" მას და მის თანმხლებ პირებს ჩხუბი მოუვიდათ ენმ-ს მაშინდელ ლიდერებთან, მათ შორის ნიკა მელიასთან.
რაც შეეხება სუპარმარკეტის კონსულტატნებზე თავდასხმას, შშს-ს ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი - 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებულია მანანა გიორგობიანი.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებს - 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
ამასთან, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის ჯ.ჩ.-ს მიერ სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს", - ნათქვამია შშ-ს 6 ნოემბრის განცხადებაში.