რეზონანსი
05.11.2025

"სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველომ უკრაინას რამეში მხარი არ დაუჭირა.

"დასკვნები, რომელიც გაკეთებულია ევროკომისიის ანგარიშში, სრულიად აცდენილია რეალურ ფაქტებს. სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს და ასე გრძელდება. არასდროს არ ყოფილა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველომ უკრაინას რამეში მხარი არ დაუჭირა. ის, რაშიც ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ასეთივე პოლიტიკა აქვს ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, უფრო მეტიც, ნატოს წევრ სახელმწიფოებს. არავის არ სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა და დამატებითი უსაფრთხოების გამოწვევების შექმნა. ეს ძალიან ბუნებრივია. ხელისუფლების პირველი მოვალეობაა, ქვეყანას აარიდოს საფრთხეები. ეს არის ჩვენი ვალდებულება და თუკი ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა ეს დასაგმობი კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მისასალმებელი",- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, უკრაინის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ხელისშემშლელ ნაბიჯებზე.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ვერ ექნება რაიმე დათქმები.

"ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023 წლებში, სანამ ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არა ერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევრო ინტეგრაციას სხვადასხვა ფორმებით. ეს ხდებოდა, არ დამალულა, ყველამ ვიცით. უკრაინა არ არის დღეს ევროკავშირის წევრი და შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რა თქმა უნდა, მას ვერ ექნება რაიმე დათქმები საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×