რეზონანსი
01.11.2025

მოქალაქეს, რომელმაც გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში („კაპეზეში“) უკანონოდ 2 დღე და ღამე გაატარა, სახელმწიფო 17 ათას ლარს აუნაზღაურებს. აქედან 15 000 ლარი ადვოკატთა მომსახურების ხარჯია, ხოლო 2 000 ლარი - მორალური ზიანის ანაზღაურება.

„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო. მოქალაქე თავდაპირველად მორალური ზიანის სახით 500 000 ლარს, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 56 000 ლარს ითხოვდა.

გამართლებული პირი, კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან სიგარეტის კონტრაბანდული გზით შემოტანის ბრალდებით იყო დაკავებული. საბოლოოდ, სასამართლომ ყველა მათგანი გაამართლა.

სასამართლოს განმარტებით, მორალური ზიანის ოდენობა 2 000 ლარი საკმარისია, რადგან ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ ორი დღე გაატარა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გამართლებული პირი არ ყოფილა ასაკით ისეთი, რომ ამ პერიოდში ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე შექმნოდა, გარდა ამისა, გამამართლებელი განაჩენი უკვე პირველ ინსტანციაში იქნა მიღებული.

ამ ეტაპზე უცნობია, ითხოვენ თუ არა ზიანის ანაზღაურებას დანარჩენი ორი გამართლებული მოქალაქე.

საქმეში მითითებულია, რომ პოლიციელებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში 102 300 ლარის ღირებულების კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×