
1 ნოემბრიდან, საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულს ითვალისწინებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელსაც მიხელ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
კანონის თანახმად, ორ პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს. თუმცა, შესაბამისის დადგენილებით უკვე შეიქმნა იმ ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი.
დადგენილების მიხედვით ასეთი საქმიანობებია:
სივრცითი დაგეგმარების, ურბანიზაციის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფერო (მაგ: არქიტექტორი, ურბანისტი, კონსტრუქტორი, ტექნიკური ზედამხედველი, საგზაო ინჟინერი, ექსპერტ-ლაბორანტი და ა.შ);
საავიაციო სფერო (მაგ: მფრინავი ინსტრუქტორი, ავიაციის ინჟინერი , ავიაციის ტექნიკოსი და ა.შ);
გარემოს დაცვის სფერო (მაგ: ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი, ჰიდრობიოლოგი, აკვაკულტურის სპეციალისტი, ნიადაგმცოდნეობის სპეციალისტი, აგრონომ-ბოტანიკოსი ექსპერტი, გარემოსმცოდნე, ეკოლოგი, გარემოსდაცვითი ბიოლოგი);
ფიზიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო (მაგ: გეოლოგი/ჰიდროგეოლოგი/ინჟინერ-გეოლოგი/გეომორფოლოგი, ატმოსფერული მეცნიერებების სპეციალისტი, ქიმიკოსი, მეტეოროლოგი, გლაციოლოგი, საინჟინრო ჰიდროლოგი, კლიმატოლოგი და ა.შ.);
მთარგმნელობითი საქმიანობა; ჟესტური ენის სპეციალისტი;
სამართლის სფერო;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი;
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.