რეზონანსი
30.10.2025

„ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ 3 კონკურენტის ჩამოშორებას ლამობს , - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, სანდრო ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება.

ბარამიძის შეფასებით, ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა, „რომელიც ერთმა კაცმა გაიფორმა და მას კრიტიკული აზრის მოსმენაც კი არ უნდა“.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მასიურად გააყალბა ის სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, გადაწერა რიცხვები იმიტომ, რომ ის, რაც მან ოფიციალურად დაიწერა და დაუწერია ოპოზიციას, რადიკალურად განსხვავდებოდა ორი უცხოური კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მონაცემებისგან, ამის მიუხედავად, ოპოზიციურმა ოთხმა პარტიამ ჯამში 800 000 ხმა მიიღო. ვვარაუდობ, რომ ბევრად მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ თუნდაც 800 000 იყოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი და „ქართულ ოცნებას“ რომ არ დაემატებინა თავისთვის ხმები, დაახლოებით 200-300 ათასი ხმა სხვადასხვა შეფასებით, მაშინ „ქართული ოცნება“ უბრალოდ დამარცხდებოდა. იგი დამარცხდა კიდევაც, უბრალოდ ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა სხვა.

„ქართულმა ოცნებამ“ ახლა უბრალოდ ჩამოიშორა კონკურენტები, ყოველ შემთხვევაში, სამის ჩამოშორებას ლამობს და ამას ემსახურება, პირველ რიგში, ეს ნაბიჯი (საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვის შესახებ).

გარდა ამისა, ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა, რომელიც ერთმა კაცმა გაიფორმა და მას უბრალოდ კრიტიკული აზრის მოსმენაც კი არ უნდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არც პარლამენტში უნდა იხილოს ვინმე. გასაგებია, რომ გახარიას პარტია შეუშვეს, რაღაც მოლაპარაკებასა და გარიგებას ჰქონდა, ალბათ, ადგილი, არ ვიცი, ეს მათი საქმეა, მაგრამ გახარიას პარტიის რეიტინგი აგერ ნახეთ, როგორი იყო მუნიციპალურ არჩევნებში. ამ რაოდენობის ხმებით ის საპარლამენტო არჩევნებში, მორიგი იქნება ის, თუ რიგგარეშე, ბარიერს ვერ გადალახავს“, - განაცხადა მან.

ბარამიძე ბოლო პერიოდში კორუფციული დანაშულებზე მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გააქტიურებას შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ქმედება კორუფციასთან ბრძოლა არ არის, რადგან, მისივე შეფასებით, გამოვლენილია ერთეული შემთხვევები, კორუფცია კი ბევრად უფრო მასშტაბურია.

„ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში კორუფციის მასშტაბები ისეთია „ქართული ოცნების“ პირობებში, რომ მას აქვს სისტემური და საყოველთაო ხასიათი.

დღეს ჩვენმა ორგანიზაციამ ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვები გამოაქვეყნა. 250 მაღალი ეშელონების კორუფციული შემთხვევა არის გამოვლენილი, სადაც მაღალი თანამდებობის პირების, მინისტრების, მათი მოადგილეების, მოსამართლეების, პარლამენტის წევრების, მუნიციპალური ორგანოების ხელმძღვანელების 221 შემთხვევა არის გამოვლენილი. 10 წლის განმავლობაში ხუთ მილიარდამდე ოდენობის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით არსებობს კორუფციის მაღალი ეჭვი. ამ მასშტაბების თაობაზე ვინმე საერთოდ ლაპარაკობს ხელისუფლებაში? ისინი საერთოდ აქამდეც ლაპარაკობდნენ, რომ არავითარი კორუფცია არ არის და ყველაფერი კარგად არისო. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი კუპრაშვილი სამი თვის წინ ამბობდა, შევისწავლე ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და სხვების დეკლარაციები და ვერაფერი ვერ გამოვავლინეო. ახლა ხომ აღმოჩნდა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები ყოფილა თურმე? ესენი ერთეული შემთხვევებია და ჩვენ 250 შემთხვევაზე გვაქვს ლაპარაკი, ეს არ არის ცალკეული ჩინოვნიკების საკითხი, მთელი სისტემა ასე დგას.

იქ, სადაც არსებობს პოლიტიკური კორუფცია, იქ, სადაც ერთ კაცს აქვს მითვისებული სახელმწიფო ინსტიტუტები და თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ნიშნავს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში შესაბამის პირებს, იქ არ შეიძლება არ არსებობდეს ფინანსური და ეკონომიკური ტიპის კორუფცია“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×