რეზონანსი
30.10.2025

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს - სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ, წარმოადგენს ფაშისტურ დამოკიდებულებას და არღვევს მოქალაქეების პოლიტიკურ უფლებებს.

როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, „ლელოს“ აკრძალვით 200 000 ადამიანს ეუბნებიან, რომ მათი ხმა საპარლამენტო არჩევნებში არ ითვლება და მათ არ აქვთ უფლება პოლიტიკური არჩევანის გაკეთების.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ისინი განაგრძობენ ბრძოლას სამართლებრივი გზებით: გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას და საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგამდეც მივლენ.

„ქართული ოცნება“ ფაშისტური დამოკიდებულებით გვრიყავს პოლიტიკური პროცესიდან. „ლელოს“ აკრძალვით მე კი არ მკრძალავს, ან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს - 200 000 ადამიანს, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებში მოგვცეს ხმა, ეუბნება, რომ მათ ხმას ქვეყნის მართვაში არათუ წონა არ აქვს, არამედ ისინი არ არიან სრულუფლებიანი მოქალაქეები, არ აქვთ უფლება პოლიტიკური არჩევანი გააკეთონ. სწორედ, ამიტომ არის ეს ამაზრზენი ფაქტი. ჩემთვის ეს არის საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ ფაშისტური დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ გავასაჩივრებთ და აუცილებლად მივალთ სტრასბურგამდე. მსოფლიო რუკაზე გაგიჭირდებათ მოძებნოთ ქვეყანა, სადაც ერთ ადამიანს მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი იქნება ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსით აღიარების მომზადება.

პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები არა მათ დამოუკიდებელ ინიციატივას წარმოადგენს, არამედ კონკრეტული დავალებების შესრულებას, რაც, მისი შეფასებით, უკავშირდება იმას, რომ საქართველომ დაკარგოს საუბრები ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და დამოუკიდებელი სტატუსის აღიარების პოლიტიკა ჩამოიშალოს.

„ქართული ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსით აღიარება - (მოღალატეობრივი კომისიის შექმნა, დასკვნის დაწერა, რაც კომისიამ მოამზადა, პარტიების აკრძალვის საფუძველი იქნება) - ეს არის საფუძველი იმისა, რომ დავკარგოთ ყველანაირ შესაძლებლობა, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის მზადება არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლისთვის. პარალელურად, რუსეთი ემზადება საზღვრების დემარკაციისათვის. დღეს კი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი ასრულებენ რუსეთის დავალებას. ეს არ არის, არც კობახიძის და არც ივანიშვილის თავში მოხარშული აზრი, მათ აქვთ კონკრეტული დავალებები, რომელიც უნდა შესრულდეს. შემდეგი დავალება არის ის, რომ მომზადდეს საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ დავკარგოთ ყველანაირი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები, რომ დავკარგოთ საუბრები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, დამოუკიდებელი სტატუსის აღიარების პოლიტიკა ჩამოიშალოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×