რეზონანსი
30.10.2025

სანადირო თოფით მეგობარმა მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა. დანაშაული ძველ ანაგაში მოხდა. ადგილობრივებმა გვიან ღამით ორი გასროლის ხმა გაიგეს.

მოკლულის ვინაობა ცნობილია, ის 50 წლის თემურ ღვედაშვილია, მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი კი ნათია კანდელაკიშვილი. მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის 43 წლის ზურა ზურაშვილია დაკავებული.

დანაშაული მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, შეიარაღებული ზურაშვილი ღვედაშვილთან მივიდა, ისინი ერთმანეთს ეზოში შეხვდნენ, ადგილზე იყო ნათია კანდელაკიშვილიც. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ 43 წლის მამაკაცმა გულ-მკერდის არეში ჯერ მეგობარს ესროლა, შემდეგ კი ყოფილი ცოლი დაჭრა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს და მომხდარი პოლიციას შეატყობინეს. ზურაშვილი უკვე გაქცეული იყო. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 43 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი - ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

რა მიზეზით გაიმეტა მეგობარმა მეგობარი მოსაკლავად - მოტივზე დღეს „კურიერთან“ დაკავებულის ოჯახის წევრმა ისაუბრა. ახლობლების ვერსიით, ზურაბ ზურაშვილს მოკლული მუდმივად ემუქრებოდა და მკვლელობის დღეს 43 წლის მამაკაცი მხოლოდ თავს იცავდა. ირკვევა ისიც, რომ თემურ ღვედაშვილი ციხიდან 3 დღის გამოსული იყო.

თემურ ღვედაშვილს ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ის საკუთარ სახლში გადაასვენეს. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი კი ამ დრომდე კლინიკაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.

რა იყო დანაშაულის ოფიციალური მოტივი - ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაკავებული ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზურა ზურაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×