
უზბეკეთის ისტორიულ ქალაქ სამარყანდში, UNESCO-ს გენერალური, 43-ე კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის 200-მდე წევრი სახელმწიფოსა და 12 ასოცირებული ქვეყნის 3 000-მდე დელეგატი ესწრება.
მათ შორის არის საქართველოს დელეგაციაც საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. კონფერენციის მონაწილეებს მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით ხვალ მიმართავს და ამავე ამავე დღეს ოფიციალურად გახსნის ქართულ კუთხეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ფოკუსში კიდევ ერთხელ მოხვდეს კულტურული მემკვიდრეობა, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.
"დღეს სამარყანდში დაიწყო იუნესკო-ს გენერალური ასამბლეა, ხვალ იქნება პოლიტიკური დებატები, რომლის ფარგლებშიც გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ UNESCO-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე მსოფლიოსთვის და ასევე განათლების მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობაზე.
გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ სწორედ იმ დაანონსებულ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს, რათა ჩვენი განათლების სისტემა უკეთ იყოს მორგებული თანამედროვე მოთხოვნებს", - აღნიშნა მინისტრმა.