რეზონანსი
30.10.2025

პირი, რომელმაც გუშინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით რამდენჯერმე სახიფათო მანევრი შეასრულა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

ის კლინიკაში მკურნალობას გაივლის.

ცნობისთვის, ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. კადრების მიხედვით, პირი, რომლის ვინაობაც ამ დროისთვის უცნობია, აქციის მონაწილეების სიახლოვეს ავტომობილით სახიფათო მანევრებს ახორციელებს, რა დროსაც ტერიტორიაზე განთავსებულ ერთ-ერთ მანქანას ეჯახება. ასევე, კადრებში ჩანს, რომ მის შეჩერებას პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ცდილობს, თუმცა ამის საპასუხოდ, მძღოლი ავტომანქანით მოძრაობას უშუალოდ სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელი პირის მიმართულებით ახდენს და მსუბუქად ეჯახება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 123-ე და 125-ე მუხლებით დაიწყო, რაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებას ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობასა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ცოტნე დადიანის ქუჩაზე სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ, რის გამოც მათ ქუჩა გადაკეტეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×