
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება და გარყვნილი ქმედებები განახორციელა. ასევე ბრალდებული დაზარალებულს მომხდარი ფაქტების გახმაურების შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 151-ე მულის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.