
არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ - „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ - ეს არ არის ის სიტყვები, რომელსაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, სასულიერო პირებმა თავიანთი საკითხები იმ სივრცეში უნდა გაარჩიონ, რომელიც ამისთვის არსებობს.
„არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ. ზოგადად მისი შეხედულებები სერიოზული რევიზიაა იმ დოგმებისა, რომელიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გააჩნია. მეორე მხრივ, მთავარ თემას ლოცვიდან, რომელიც ყველამ იცის, „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და გვაცილე უბედურება“, პირდაპირ აგრესიულად დაუპირისპირდა ეს სასულიერო პირი. ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა თავიანთი საკითხები იმ სივრცეში უნდა გაარჩიონ, რომელიც ამისთვის არის მოწოდებული. მე მხოლოდ შეფასება შემიძლია. „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ - ეს არ არის ის სიტყვები, რომელსაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს,საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. დოროთე ყურაშვილმა კომისიის სხდომაზე მედიის თანდასწრებით მოითხოვა დასწრება, რაზეც საპატრიარქო არ დაეთანხმა. საბოლოოდ, სხდომა ვერ შედგა. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები.