რეზონანსი
29.10.2025

როდესაც გარედან იმართები, გარე მითითებებს ასრულებ, არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, ქართველი ხალხი და მომავალი, ასეთ პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში ვერ იქნება - ევროპარლამენტარები საინტერესოები არ არიან, ორმაგი სტანდარტია: რაც მათ აწყობთ ის ყველაფერი მისაღებია, რაც მათთვის არ არის საინტერესო, წინააღმდეგობით მიდიან და აკეთებენ განცხადებებს, რაც ძირითადად სიცრუესა და ტყუილზეა დაფუძნებული, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნის თაობაზე და ამავე ფაქტზე, ევროპარლამენტარების შეფასებებს.

მისივე თქმით, როდესაც გარედან იმართები და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებ, ძალადობას ახალისებ და პოლარიზაციას, სახელმწიფოს მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება.

„ორმაგი სტანდარტის მაგალითია, რა. შეგვიძლია ავიღოთ სხვადასხვა ქვეყანა, სადაც მოხდა პარტიების გაუქმება. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, იმ დაპირებებს, რომელიც ჟღერდებოდა წინასაარჩევნოდ. კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. ისინი საბოტაჟს ეწევიან საქართველოს წინააღმდეგ, უგულებელყოფილიყო დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას და ძირს უთხრიან სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. რა თქმა უნდა, როდესაც გარედან იმართები, გარე მითითებებს ასრულებ, არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, ქართველი ხალხი და მომავალი, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში ვერ იქნება. შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითი, როდესაც უკრაინაში მოხდა პარტიების გაუქმება, მოლდოვას მაგალითი, ფინეთი... როდესაც იმართები გარედან და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებ, ძალადობას ახალისებ და პოლარიზაციას, სახელმწიფოს მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება. საერთოდ არ არის საინტერესო ევროპარლამენტარები, ორმაგი სტანდარტის პრინციპებია. მე არ მომისმენია განცხადება, როდესაც მოლდოვაში არჩევნების წინ ტელევიზიები გააუქმეს, ოპოზიციური პარტიები გააუქმეს. არ მომისმენია განცხადება, როდესაც უკრაინაში პოლიტიკური პარტიები გააუქმეს. ორმაგი სტანდარტია: რაც მათ აწყობთ ის ყველაფერი მისაღებია, რაც მათთვის არ არის საინტერესო, წინააღმდეგობით მიდიან და აკეთებენ განცხადებებს, რაც ძირითადად სიცრუესა და ტყუილზეა დაფუძნებული“, - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, პარტიების აკრძალვის ფონზე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არის თუ არა მოსალოდნელი, კალაძე აღნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პარტიის მიზნები კი 2028 წელს გახდება ცნობილი.

„რა იქნება ჩვენი მიზანი, წინასაარჩევნოდ 2028 წელს გაიგებს საზოგადოება. ჩვენ ღია ვართ, გამჭვირვალედ ვიქცევით, ყველა დაპირებას ვასრულებთ. ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×