
სიმართლე მწარეა და ამ სიმართლის მოსმენა მოგიწევთ ჩვენგან პარლამენტში, რომელიც, უნდა შეეგუოთ, რომ დღეიდან თქვენი პარტიული ოფისი აღარ იქნება და აქ ხალხის ხმას და განსხვავებულ აზრს ჩვენგან გაიგონებთ, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ უმრავლესობის წევრებს.
გიორგი შარაშიძის განცხადებით, სჯერა, რომ „ოცნების“ მოძალადე რეჟიმთან პრინციპული და შეურიგებელი ბრძოლით მიაღწევენ თავისუფალ არჩევნებს, სამართლიან წესრიგს და ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნებას“.
„იმედი გქონდეთ, რომ ყველა იმ ტყუილზე, რაც თქვენ აქ გახმოვანეთ, ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხს მიიღებთ. ქართველი ხალხი ნამდვილად გაიგებს იმას, თუ ვინ არის სინამდვილეში მოღალატე, ვინ არის სინამდვილეში მატყუარა, საერთოდ, რას ნიშნავს ღალატი. დამერწმუნეთ, ამას ქართველი ხალხი ნამდვილად გაიგებს. ამის იმედი გქონდეთ და ამ სიმართლის მოსასმენად მზად იყავით. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის პირველი გამოსვლაა და ამას რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ქართველი ხალხისადმი მიმართვისთვის და არა თქვენი მისამართით. პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტი თუ ვინმეს ეკუთვნის, ეს არც თქვენ ხართ და არც რომელიმე სხვა პარტია, პირველ რიგში, ქართველ ხალხს ეკუთვნის. სამწუხაროდ, ამ პარლამენტში ქართველი ხალხი უკვე 1 წელია ელის განსხვავებული აზრის გახმოვანებას, მაგრამ მივიღეთ რეალობა, როდესაც ამ დარბაზში მხოლოდ ერთი პარტიის გზავნილები ისმის, რასაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს და მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მოტყუებას ემსახურება. ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულიად გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რაც ამ ერთი წლის მანძილზე დავუშვით და ჩვენ თქვენგან განსხვავებით, შეცდომების აღიარების პრობლემა არასდროს გვქონია. ეს უპირველესად, საპარლამენტო ბოიკოტს ეხება. უნდა ვაღიაროთ და ვაღიარებთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ ძალადობის მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა, ადამიანის უფლებების შემლახველი კანონის მიღება და რაც მთავარია, ვერ შეაჩერა „ოცნება“ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობისგან. სამწუხაროდ, ბოიკოტისა და 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული „მშვიდობიანი დამხობის“ ტოტალური კამპანიის ფონზე, რასაც სხვათა შორის, განსაკუთრებული მონდომებით სწორედ სახელისუფლო პროპაგანდისტული მედია აშუქებდა და პროპაგანდას უწევდა, მოსახლეობის ნაწილმა მართლაც დაიჯერა, რომ „მშვიდობიანი დამხობა“ შეიძლება გამხდარიყო ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების ინსტრუმენტი. „ოცნებას“ კი, რომელსაც მის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულისა და ძალადობის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი ჰქონდა, საშუალება მიეცა, დრო მოეგო და ხალხი „მშვიდობიანი დამხობის“, როგორც არსებული მწვავე რეალობის კიდევ უფრო უარესი ალტერნატივის დადგომის საფრთხით დაეშინებინა. სწორედ ამ შიშის ფაქტორით მოახერხა „ოცნებამ“ ეტაპობრივად დაებრუნებინა დაკარგული ამომრჩეველი და, შესაბამისად, ლეგიტიმაციის კრიზისი დაეძლია. თუმცა პირდაპირ ვამბობთ, რომ დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად წახალისების გარეშე, ამას ვერ შეძლებდით. ამიტომაც, 4 ოქტომბრის პროვოკაციის მძიმე შედეგებზე, რამაც ქვეყანა დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიიყვანა, პასუხისმგებლობას ვერც თქვენ გაექცევით, რადგან როგორც მინიმუმ დროულად არ აღკვეთეთ ეს პროვოკაცია და სახელმწიფო ასეთ რისკებში შეიყვანეთ და ვერც ის უპასუხისმგებლო პროვოკატორი პოლიტიკოსები გაექცევიან, ვინც პირდაპირ თუ ირიბად 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ ორგანიზებაში ან მის წახალისებაში მონაწილეობდნენ, გნებავთ დამნაშავის და გნებავთ სასარგებლო იდიოტის როლში, როცა 4 ოქტომბერს ხალხს არჩევნების ნაცვლად „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს გვერდი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე შეცდომას შეცდომა, დანაშაულს დანაშაული არ დაერქმევა“,-განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
როგორც მან აღნიშნა, პარტიისთვის მთავარი ღირებულება და საზრუნავი ქართველი ხალხია.
„ერთის მხრივ „ოცნებისგან“ მოტყუებული და პროპაგანდის მსხვერპლი, მეორეს მხრივ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო იმედგაცრუებული ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემით, იმ რეალობის აღიარებით, რომ ჩვენ ვერ შევძელით მათთვის უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება, რადგან ერთი წლის მანძილზე ჩვენვე ვთქვით უარი ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატებზე და მარტო დაგტოვეთ ამ დარბაზში, მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა და ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ პარლამენტში, რომელიც არ გეკუთვნით არც თქვენ და არცერთ სხვა პარტიას, არამედ ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხს! ხალხს, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტული რეჟიმის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა, იმ რეჟიმის პირისპირ, რომლის კანონებითაც, სამწუხაროდ, იმართება დღეს ქვეყანა და რის საფუძველზეც უამრავი ადამიანია დაჭერილი! ამიტომ, ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებაშია. სიმართლე მწარეა და ამ სიმართლის მოსმენა მოგიწევთ ჩვენგან პარლამენტში, რომელიც, უნდა შეეგუოთ, რომ დღეიდან თქვენი პარტიული ოფისი აღარ იქნება და აქ ხალხის ხმას და განსხვავებულ აზრს ჩვენგან გაიგონებთ! ჩვენ გვჯერა, რომ „ოცნების“ მოძალადე რეჟიმთან პრინციპული და შეურიგებელი ბრძოლით მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, სამართლიან წესრიგს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნებას!“ - განაცხადა შარაშიძემ.