"გეგმიური შემოწმება არ უნდა იყოს დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმებული"
ქეთო გოგოხია
27.10.2025

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემას შრომის ინსპექცია რეალურად ვერ ერევა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კადრების დეფიციტია, რის გამოც კონტროლი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ირგვლივ ბევრი დარღვევებია. სპეციალისტები კადრების გადამზადებას და შრომის ინსპექციის მხრიდან მუშაობის გააქტიურებას ითხოვენ, რაც შრომის  ბაზარს მოსალოდნელი რისკებისგან დაიცავს. საქმე არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოებას, დასაქმებულთა უფლებები მკვეთრად არის დარღვეული ხელფასების, შრომის ანაზღაურების, დეკრეტული შვებულებისა და სხვა მიმართულებითაც, რაც დარგში არსებულ მდგომარეობას საკმაოდ მწვავედ წარმოაჩენს.

როგორც გაირკვა, 20 ათას დასაქმებულზე 1 შრომის ინსპექტორი მოდის და მათი რაოდენობის ზრდის ტემპი საქმიანობის გაზრდილ მოცულობას ჩამორჩება. 

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია“ აღნიშნული.

"შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიმართულებით, 2023 წელს 2021 წელთან შედარებით, 1,3-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო ინსპექტირების რაოდენობა − 3,5-ჯერ; ასევე გაიზარდა სამუშაო დატვირთვა ერთ ინსპექტორზე − 51-დან 138 ინსპექტირებამდე. თუმცა დასაქმებულ ინსპექტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი ჩამორჩება საქმიანობის გაზრდილ (მათ შორის, არაგეგმური ინსპექტირებების) მოცულობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამდენად, შრომითი ურთიერთობების მართვა ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი ჭაღიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა პროფესიული კადრების მომზადება და მათ ხარჯზე შრომის ინსპექტორების რაოდენობის გაზრდაა, რაც ბაზარზე კონტროლის მეტ შესაძლებლობას შექმნის. 

,,ნამდვილად რთული მდგომარეობაა. კვალიფიკაციის ამაღლება და კურსების გაძლიერება უნდა მოხდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდანვე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები გაიცეს. ჯანდაცვის სამინისტროში კომპეტენციის ფარგლებში უნდა იყოს წარმოდგენილი ასეთი ადამაინების ბაზა. 

თავის მხრივ, კომპანიებს, განსაკუთრებით კი, დეველოპერებს, ვალდებულებები უნდა ჰქონდეთ, რომ ერთი შრომის ინსპექტორი ჰყავდეთ. გარკვეული  რესურსი არის, ბევრი ეძებს სამსახურს და ამ სპეციალისტების ჩართვა სავსებით შესაძლებელია. რა სიტუაციაც არის დღეს შრომის ბაზარზე, ყველაფერი უკან-უკან მიდის. როდესაც ვსაუბრობთ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ბუნებრივია  ეს  არის,  პირველ რიგში, როგორც  დამსაქმებლის,ასევე  დასაქმებულის  ვალდებულება. ჩვენ რომ მივაღწიოთ იმას, რომ ყველა სამუშაო ადგილი იყოს  უსაფრთხო, მნიშვნელოვანია დასაქმებულის აქტიურობაც. ყველა უნდა იყოს დაინტერესებული, ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდებიან, მაშინ შეიძლება ძალიან დაგვიანებულიც იყოს. ის, რომ მათი უფლებები იქნას დაცული და გაუფრთხილდნენ საკუტარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, დასაქმებულის ინდივიდუალური მოთხოვნა უნდა იყოს", - აღნიშნა ჭაღიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

გარდა იმისა, რომ შრომის ინსპექტორები არასაკმარისია, პრობლემაა იმ კუთხითაც, რომ ინსპექტირების პირობებში პრობლემის მოგვარება და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბება ბაზარზე ვერ ხერხდება. 

როგორც ,,სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენელმა რევაზ კარანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" განუცხადა, არასწორია, როცა ჯეროვანი შემოწმების ნაცვლად, შრომის ინსპექტორები ობიექტებში წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შედიან და რეალურად არ ხვდებათ ის სიტუაცია, რა პირობებშიც დასაქმებულებს რეალურად უწევთ მუშაობა.

,,შრომის ინსპექტორები საკმარისი არ გვყავს და ჯეროვნად ვერც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. შემოწმება არ უნდა იყოს დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმებული, გეგმიურ შემოწმებაზეა საუბარი. ამ დროს დამსაქმებელი დროებით აწსერიგებს სიტუაციას და რეალური ვითარების დადგენა სათანადოდ ვერ ხერხდება. ასევე არის შემთხვევები, როცა შერჩეულ დასაქმებულებს აგზავნიან ინტერვიუებზე, ეს ყველაფერი პრობლემურია.

როცა შრომით დარღვევებზე ვსაუბრობთ, აქ არ არის მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი, რიგი შეუსაბამოებაა, როცა საქმე ეხება ხელფასის მოცულობას და გაცემის წესებს, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, შვებულებებს, მათ შორის, დეკრეტულ შვებულებას და სხვა", - აღნიშნა კარანაძემ ჩვენთან საუბრისას.

მისი თქმით, შრომის ინსპექციის მიერ განხორციელებული ინსპექტირებების დიდი ნაწილი სამშენებლო სექტორზე მოდის. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, მშენებლობათა მზარდი ოდენობაა, ხოლო, მეორე მხრივ, სამშენებლო სექტორის მეტ-ნაკლებად საფუძვლიანი რეგულირება. სამშენებლო სექტორისთვის არსებული ტექნიკური რეგლამენტები, შრომის ინსპექციას საშუალებას აძლევს მეტი სიზუსტით და თანმიმდევრულად მოახდინოს არსებული სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა, რაც სამშენებლო სექტორში აქტიურად განხორციელებულ ინსპექტირებებს განაპირობებს.

რაც შეეხება აუდიტის ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკას, შრომის ინსპექტორებისა და მათი საქმიანობის მაჩვენებლები წლების მიხედვით ასე ნაწილდება:  2021 წელი - 52 ინსპექტორი (ინსპექტირება - 1074; დატვირთვა - 51); 2022 წელი - 61 ინსპექტორი (ინსპექტირება - 2510; დატვირთვა - 103); 2023 წელი - 68 ინსპექტორი (ინსპექტირება - 3765; დატვირთვა - 138).

როგორც აუდიტის სამსახური განმარტავს, შრომის უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო სისტემა ახალი ჩამოყალიბებულია, შესაბამისად, მისი სრულფასოვანი ამოქმედებისთვის საჭირო ინფორმაციული, საკანონმდებლო, ორგანიზაციული რესურსებით უზრუნველყოფის და განახლებული სტანდარტების დანერგვის პროცესი, რაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×