
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უროსმა, მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალი ნაგიევს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
სუს-ის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას უსაფრთხოების სფეროში.
„ხაზი გაესვა უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებას. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს.
მამუკა მდინარაძემ ალი ნაგიევს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სუს-ში გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ და ალი ნაგიევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.