რეზონანსი
24.10.2025

საქართველოს მთავრობის დადგენილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე" საკანონმდებლო მაცნეზე 21 ოქტომბრით თარიღდება.

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი).

"ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილება.

ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.

ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

განკარგულების თანახმად, სამინისტროს ევალება:

"ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს:

ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;

ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;

განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით", - ნათქვამია დოკუმენტში.

განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×