რეზონანსი
23.10.2025

 შეცდომის აღიარებას და ადრესატთან გაგზავნილი წერილის უკან გამოთხოვას შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოსგან ელოდება. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დიპლომატიურ უწყებას, დიპლომატიური სტანდარტების დარღვევაში მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძისთვის ციხეში გაგზავნილი წერილის გამო ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მედიასთან განმარტა, რომ საელჩოს მხრიდან ცეცხლაძისთვის საპასუხო წერილის გაგზავნა, არა დიპლომატიური პრაქტიკა, არამედ ძალადობისთვის მსჯავრდებულის მხარდაჭერა და წახალისებაა.

ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის ძალადობის წახალისებაა, დიპლომატიური პრაქტიკაა ევროკავშირის საელჩოსთვის. პაველ ჰერჩინსკის ოფისს წერილობით კურიერმა ჯერ კიდევ გუშინ მიმართა, თუმცა კონკრეტულ შეკითხვებს, ზოგადი პასუხები მოჰყვა. დიპლომატიური უწყება ამტკიცებს, რომ წერილი რომელშიც საელჩო ძალადობრივ აქციებში მონაწილეთა გათავისუფლებას ითხოვს და მათ უსამართლოდ დაკავებულებს უწოდებს, მათი მხარდამჭერი არ არის.

წერილი ევროკავშირის საელჩოდან, გლდანის ციხეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე რამდენიმე დღით ადრე მივიდა. ადრესატი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის გასამართლებული ზვიად ცეცხლაძეა, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აქციისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს. ამის მიუხედავად ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცეცხლაძე პოლიტიკური პატიმარია, მსჯავრდებულთან მიმოწერა კი დიპლომატიური საქმიანობის ნაწილი.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა ძალადობას წარსულშიც ახალისებდა. მაშინ, როცა მოლოტოვის კოქტეილების კამპანია დააფინანსეს და მაშინაც, როცა დიპლომატიურმა უწყებამ 4 ოქტომბერს საპრეზიდენტო რეზიდენციაზე შტურმი არ დაგმო.

დიპლომატიური უწყების მხრიდან მსჯავრდებულისთვის წერილის გაგზავნა არადიპლომატიური ნაბიჯია პრემიერ მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა მაშინ დუმს, როცა საქმე ქართველი ხალხის რეალურ მხარდაჭერას ეხება.

პაველ ჰერჩინსკის ოფისმა ზვიად ცეცხლაძეს წერილი 29 სექტემბერს გაუგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×