
ჩვენ ვერ ავიტანთ, რომ ჩაგვთვალონ მეორეხარისხოვან ქვეყნად, რომელსაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შემოუთვლიან დავალებებს და არც კი უნდა ვიკითხოთ, ისე უნდა დავიყოთ ომი, იმის მიუხედავადა შეესაბამება თუ არა ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ველოდებით პრაგმატულ ნაბიჯებს დასავლეთისგან. ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ ყველანაირი დიალოგისთვის, მზად ვართ და ღია ვართ ყველანაირი საკითხის განხილვისთვის, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას და მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. მაგრამ ჩვენთან საგნობრივ საუბარს არასოდეს აპირებენ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, თვითონაც დარწმუნებულები არიან, რომ დამარცხდებიან არგუმენტების მოყვანაში, იმიტომ რომ ჩვენ უფრო სერიოზული არგუმენტები მოგვყავს მათ საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, „დიფ სთეითმა“ საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად დიდი თანხა დახარჯა, ახლა კი ამ თანხის მიმღებებს თავის მართლება უწევთ ტყუილად დახარჯული ფულის გამო.
„ეს ძალიან დიდი ინერციაა და დიდი ფულის ხარჯვასთან არის დაკავშირებული. ძალიან ბევრი ადამიანის კეთილდღეობაა ამასთან დაკავშირებული. ამიტომ ვერ გამოდიან ამ ჩაკეტილი წრიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ პრაგმატულად შეხედონ ამ ყველაფერს. ჩვენ ღიაა ვართ ყველანაირი ურთიერთობებისთვის“, - აღნიშნა დეპუტატმა.