
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურატურის ცნობით, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პროკურატურის და სუს-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – ანდრია ლილუაშვილი. დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს პროკურატურაში.
17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
ამასთან, 18 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმ პირთა ვინაობაც დაასახელა, რომელთა სახლები ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლების პარალელურად გაიჩხრიკა. კერძოდ, სუს-მა გაჩხრიკა რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია ლილუაშვილის და მათი ოჯახების წევრების სახლები.