
აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს და ყველა მის შვილობილ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. სანქცირებულებს შორისაა, ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია LUKOIL International GmbH-ი, რომელიც "ლუკოილ ჯორჯიას" 100%-ს ფლობს. თავად ავსტრიული კომპანიის მფლობელი კი რუსული „ლუკოილია“. შესაბამისად, ფინანსური სანქციები კომპანიის ქართულ შვილობილზეც ვრცელდება.
„ლუკოილის“ შვილობილი კომპანია „ლუკოილ ჯორჯია“ ქართულ ბაზარზე ოფიციალურად 2002 წლიდან გამოჩნდა. 2024 წლის ანგარიშგების მიხედვით, ჰყავს 5 ათასამდე თანამშრომელი, ამასთან, კომპანიას გააჩნია საკუთარი - 23 და იჯარით აღებული - 27 ავტოგასამართი სადგური, ასევე -10 ფრანჩაიზინგის უფლებით მომუშავე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ყველა რეგიონში.
„რეპორტალის“ მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის პირდაპირი მშობელი კომპანია იყო „LITASCO SA“, კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანია და კონტროლის მქონე მხარე კი - „საჯარო სააქციო საზოგადოება ლუკოილი“ . 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის პირდაპირი მშობელი კომპანია იყო „LUKOIL International GmbH“, კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანია და კომპანიაზე საბოლოო კონტროლის მქონე მხარე - „საჯარო სააქციო საზოგადოება ლუკოილი“. ხოლო სამეწარმეო რეესტრის თანახმად, 2025 წლის მარტის ამონაწერით, „ლუკოილ ჯორჯიას“ 100%-ანი მფლობელია ავსტრიაში რეგისტრირებული შპს LUKOIL INTERNATIONAL GMBH.
როგორც ფინანსური ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2024 წელს ნავთობქიმიკატების და ნავთობპროდუქტების გაყიდვებიდან და მაღაზიებიდან კომპანიის შემოსავალმა ჯამურად 766.319 მლნ ლარი შეადგინა. წინა წელს 485.631 მლნ ლარი იყო. ამასთან, 2024 წელს წმინდა მოგებამ 35.474 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის გრძელვადიანი აქტივების ღირებულება 23.791 მლნ ლარი იყო, ხოლო საკუთარი კაპიტალი - 63.908 მლნ ლარი.
გარდა ამისა, ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს საოპერაციო ხარჯები იყო 7.469 მლნ ლარი, ხოლო 2023 წელს 5.867 მლნ ლარი.
ანგარიშგებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წელს „ლუკოილ ჯორჯიას“ ფულადი სახსრები ბანკში 43.349 მლნ ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გაავრცელა. მათვე ინფორმაციით, ასევე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.