რეზონანსი
22.10.2025

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, სუს-ში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" ადვოკატი აცხადებს, სუს-ში ჩატარებული ბრიფინგი არის ზოგადი და მოითხოვს კონკრეტიკას, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი ადვოკატებთან ერთად მიაწვდის.

„გამოძიების ამ ეტაპზე, კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ადვოკატები აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას. ამ საქმესთან დაკავშირებით, ბრიფინგი, რომელიც ჩატარდა, არის ზოგადი, მოითხოვს კონკრეტიზაციას და ამ კონკრეტიზაციაზე ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით უახლოეს დღეებში“,- აცხადებს ადვოკატი.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ელოდება თუ არა მომდევნო დღეებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას, თუ არ იქნება აღნიშნული ღონისძიება გამოყენებული, რადგან მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადვოკატი პასუხობს:

„საინტერესოა, რას ვეძახით გამოძიებასთან თანამშრომლობას. როგორც ვთქვი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალების კომენტარებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის [ირაკლი ღარიბაშვილის] დაკავებას“,- აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს, ადვოკატი პასუხობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ბიზნესმენი იყო და ფინანსებს მართავდა – ბრალი ამ ეტაპზე არ წარდგენია.

„რა ქმედებებს? გარკვეული თანხის არსებობასთან დაკავშირებით კი, ბატონო. წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი იყო ბიზნესმენი, რაც საზოგადოებისთვისაც ცნობილია და, რა თქმა უნდა, ის მართავდა გარკვეულ ფინანსებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იყო დაკითხული. მას ბრალი არ წარდგენია. გამოძიება და პროკურატურაც უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ბრალის როგორ ფორმულირებას შემოგვთავაზებენ. აუცილებლად ვისაუბრებთ ყველა დეტალზე, ძალიან მალე“,- აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილი დღეს გამოიკითხა მოწმის სახით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×