რეზონანსი
21.10.2025

გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტისა და არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა - გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს! - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს პოლიტიკური პარტიები პატრონების კარნახმა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც პარტიებისთვის სამწუხაროა, მაგრამ ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის ძალიან კარგია“.

„აბსურდში არიან - თუ პარლამენტის წევრები გახდნენ, ე.ი. პარლამენტი არის ლეგიტიმური! აბა რისი წევრები გახდნენ?!

ყველაფერი ევროპულ ბიუროკრატიასა და „დიფ სთეითში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე მეტყველებს - ხან ასეთ ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარია ის არის, რომ ამით ოპოზიციის სასარგებლოდ ვითარებას ვერანაირად ვერ ცვლიან“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილება რამდენად განაპირობებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში მისია აკრძალვა არ მოითხოვოს, კობახიძემ განაცხადა, რომ მოვლენებს არ გაუსწრებს და სარჩელის გამოქვეყნებამდე ვერაფერს იტყვის.

„მას შემდეგ, რაც სარჩელი გამოქვეყნდება, დაზუსტებით გაიგებთ, რომელი პარტიები შევლენ სარჩელში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×