რეზონანსი
19.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა ხომერიკი, გელა გამყრელიძე და ნინო სვანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ნინო სვანიძეს 5 დღიანი, ხოლო საბა ხომერიკს 8 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. რაც შეეხება, გელა გამყრელიძეს, ის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 აგვისტოს საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

„მე არ ვიცოდი, თუ მე კანონს ვარღვევდი, პოლიციის მანქანას ჰქონდა გზა გადაკეტილი. მივედი ლენტთან, სადაც ხალხის მასა იყო, გზაზე გავედი, ხალხის ნაკადში 20 წუთით.

მე არანაირი პროტესტი არ მქონდა და არც ახლა მაქვს. იქ მოვხვდი, მე იქ გზა დამხვდა გადაკეტილი. პოლიციის მანქანას ჰქონდა გადაკეტილი, შემდეგ ლენტი იყო გავლებული. ცნობისმოყვარეობის გამო გავჩერდი იქ",- განაცხადა სხდომაზე, გელა გამყრელიძემ.

ასევე, მოსამართლემ ცალკე წარმოებად გამოყო ვახტანგ მაჭავარიანის საქმე, ვინაიდან, მან სასამართლო პროცესზე გააჟღერა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მოსამართლემ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად გარკვეული დრო განუსაზღვრა. ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

რაც შეეხება სხვა პირთა ადმინისტრაციულ საქმეებს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დაკავებული გიორგი ყიასაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სახის დაფარვის გამო. ასევე, ლაშა ნაჭყებიას 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

შეგახსენეთ, გუშინ, 18 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა გარკვეული პერიოდით გადაკეტეს. დღეს დილიდან პოლიციამ დაიწყო რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება. დაკავებულთა შორის არის „ფორმულას" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ. შსს-ს თანახმად, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა", რითაც დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შსს-ს ცნობით, ასევე, "დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს".

როგორც ცნობილია, ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა. კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×