
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური გაათავისუფლეს.
ინფორმაცია ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ დაუდასტურა.
"მე რაც ვიცი, ვლადიმერ ღუდუშაური გაათავისუფლეს. საპროცესოთია ეს თუ აღკვეთი შეუცვალეს, ამ წუთისთვის ზუსტად არ ვიცი"- აცხადებს ადვოკატი.
ღუდუშაურის ადვოკატი ლევან სეფიაშვილი არ ამბობს, ექს-მაღალჩინოსანს აღკვეთი შეუცვალეს თუ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი.
"მისი და სქაქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. მისცა თუ არა ჩვენება ბურჭულაძის წინააღმდეგ ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით. მე რომ ჩვენებაზე ან ნებისმიერ სხვა საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებაზე რომ გესაუბროთ, სამართლებრივად ეს ჩემი მხრიდან გამართლებული არ იქნება"- ამბობს უფლებადამცველი.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.