
კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტის შემოთავაზება მივიღე რექტორის პოზიციაზე. გადავწყვიტე, რომ ამ პოზიციას დავთანხმებოდი - რაზეც იყო მითქმა-მოთქმა, ის სარჩელი (კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ) საერთოდაც არ შემოსულა ჯერ სასამართლოში, შეიძლება, ჩემი უფლებამოსილების ვადაში არც კი მოსწრებულიყო განხილვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნისთვის 11 თვე ჰქონდა დარჩენილი, გადაწყვიტა, საქმიანობა რექტორის პოზიციაზე განაგრძოს.
„მოგეხსნებათ, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ის სასამართლო, სადაც მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. თავად კონსტიტუცია გვეუბნება, რომ აქ შეიძლება დაინიშნოს ადამიანი მოსამართლედ, რომელიც მხოლოდ ერთხელ ინიშნება და მხოლოდ 10 წლის ვადით. შესაბამისად, უფლებამოსილების ამოწურვამდე 11 თვე მქონდა დარჩენილი, კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტის შემოთავაზება მივიღე რექტორის პოზიციაზე და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ამ პოზიციას დავთანხმებოდი. ეს არის BAU International University, მდებარეობს ბათუმში. ამ ეტაპზე, სრულად უცხოურენოვანი სწავლებაა, თუმცა ვგეგმავ, რომ მომავალში ქართულენოვანი მაგისტრატურა მაინც გავაკეთოთ, რამდენიმე პროგრამაზე. სტუდენტების უმეტესი წილი, 95% უცხოელია“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლის თანამდებობიდან მისი წასვლა არ უკავშირდება ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ სარჩელს.
ირინა იმერლიშვილის განმარტებით, სარჩელი სასამართლოში ჯერ შესულიც არ არის, შესვლის შემთხვევაში კი შესაძლოა, აღნიშნული სარჩელის განხილვა მისი უფლებამოსილების პერიოდში ვერც კი მოსწრებულიყო.
„საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ის სასამართლო, რომელიც სწრაფად განიხილავს და სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, რაზეც იყო მითქმა-მოთქმა ის სარჩელი საერთოდაც არ შემოსულა ჯერ სასამართლოში. ან როდის შემოვა, ან რა მოთხოვნით შემოვა და საერთოდ, მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში და შემდეგ როდის განიხილავს - ყველაფერს თავისი ვადა აქვს და ეს არ არის მცირე. ეს არის 9-თვიანი ვადა და შეიძლება, ჩემი უფლებამოსილების ვადაში არც კი მოსწრებულიყო ამის განხილვა. შესაბამისად, ჩემი თანამდებობის დატოვების მიზეზი იყო უნივერსიტეტიდან შეთავაზება. მე ვასწავლი სხვა, კერძო უნივერსიტეტში, ვარ სრული პროფესორი, დოქტორი და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ შემოთავაზებას დავთანხმებოდი სწორედ იმის გამო, რომ ძალიან მცირე ვადა მქონდა დარჩენილი“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.