
პარტიების ყოფნა-არყოფნის საკითხს არა რომელიმე კონკრეტული პარტია, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვერდიქტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მსჯელობის შედეგად დადგება.
„სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შევა. შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისა და გადაწყვეტილების საკითხი იქნება, თუ რა ვერდიქტს გამოიტანს. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს დიქტატურასთან დაკავშირებით, დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობაზე მათ თვითონ თქვეს უარი, თვითონ აირჩიეს რევოლუციის, დამხობის, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვისა და ქვეყნის ამოტრიალების პოლიტიკა. დიქტატურაზე კი არ უნდა ილაპარაკონ, უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი ქმედებების განმახორციელებელ პარტიებზე კანონი იმაზე უფრო მკაცრად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ ვმოქმედებთ. „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის კონსტიტუციისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ამიტომ ბუნებრივია, ასეთი ტიპის პარტიებზე მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება. თუმცა, ამას არა რომელიმე პარტია, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეუბნება „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მხარდამჭერებს, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია მხარდამჭერებს სპეკულაციებისთვის იყენებს.
„ერთია, როდესაც ხალხი მხარს გიჭერს და მეორე, როდესაც ხალხის მხარდაჭერას თავადვე უგულებელყოფ. ხალხმა ბოლო არჩევნებზე მხარი რომ დაუჭირა, რა ქნეს, შევიდნენ პარლამენტში? მათ ხალხის მხარდაჭერა ნაგვის ყუთში მოისროლეს. ამიტომ, ხალხის მხარდაჭერით სპეკულირება არ შეიძლება. როდესაც მხარდაჭერას დემოკრატიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცების ნაცვლად, ანტიკონსტიტუციური ქმედებებისათვის იყენებ, ხალხს ნუღარ ამოეფარებით. საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგეთ, ხალხს 90-იანი წლების ქაოსში დაბრუნება არ უნდა. გამოგეყენებინათ მანდატი, რომელიც ხალხმა მოგცათ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.