რეზონანსი
18.10.2025

პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

„საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაზიანების მიზნით, ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა - ირაკლი შაიშმელაშვილმა, 4 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაგეგმილ აქციაზე, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ბრალდებული შაიშმელაშვილი, ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, რათა ამ გზით მიეღწია იმ მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×