
მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების ნაწილის აკრძალვას აანონსებს და ამ მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ვინ შედის „რადიკალურ ოპოზიციაში", რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბარში „ნაცმოძრაობისა" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" გარდა, სხვა პარტიებსაც მოიაზრებენ.
„ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" აიკრძალება. ამასთან, არ გამოვრიცხავ, რადიკალურ ოპოზიციაში მოიაზრებული იყოს „ლელო" და გიორგი გახარიას პარტია",- განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
განსხვავებული აზრისაა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე: „რატომღაც მგონია, რომ მათ [ლელო და გახარიას პარტია] აკრძალვა არ ემუქრებათ, რადგან „ოცნება" ამ ორს მაინც და მაინც კონკურენტად ვერ აღიქვამს."
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ამას ემსახურება სარჩელი, რომელიც სასამართლოში რამდენიმე დღეში შევა".
„კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა. ჩვენთვის მთავარია, გამართული სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა „კოლექტიური ნაცმოძრაობის" სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე, სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტანთ სარჩელს", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარჩელი უახლოეს დღეებში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
„საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტი თითქმის მზად არის, ბოლო განხილვებია დარჩენილი. პირველ რიგში, მუშაობს პარლამენტი, დეპუტატები მუშაობენ და რა თქმა უნდა, მეც პირადად ვინტერესდები ამ ტექსტით. სარჩელი უახლოეს დღეებში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, რომ, მაქსიმუმ, ორშაბათისთვის უკვე ყველაფერი დაზუსტდება, როგორც სარჩელის ტექსტი, ასევე ჩამონათვალი და ვფიქრობ, რომ ორშაბათისთვის უკვე შესაძლებელი იქნება სარჩელის შეტანაც.
არ შევა მთელი რიგი პარტიები, ვინც არ იყო ჩართული სისხლიანი რეჟიმის საქმიანობაში თავის დროზე და მეორე, ვინც არ იყო ამ მრავალწლიან საბოტაჟში ჩართული, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2020 წლიდან დღემდე", - განაცხადა პრემიერმა.
„ოცნების" დაანონსებულ ცვლილებას „ევროპის სახალხო პარტია" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ნიშნავს „ოცნება" ერთპარტიულ დიქტატურას ამყარებს".
„გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის სწრაფი დაცემის და იმ სრულმასშტაბიანი კონსტიტუციური, პოლიტიკური და ადამიანის უფლებების კრიზისის გამო, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" განცხადდა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება „ნაცმოძრაობისა" და „კოალიცია ცვლილებებთან" ერთად, „ლელოს" და „გახარია-საქართველოსთვის" აკრძალავს.
„ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" აიკრძალება. ამასთან, არ გამოვრიცხავ, რადიკალურ ოპოზიციაში მოიაზრებული იყოს „ლელო" და გიორგი გახარიას პარტია, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ლელო" იყო ის ძალა, რომელიც ლაპარაკობდა, 4 ოქტომბერს ჯერ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემდეგ აქციაზეო. ამ დროს იცოდნენ, რომ ხელისუფლების დამხობა იყო გამოცხადებული. რაც შეეხება გახარიას, როცა თავის დროზე ის პრემიერი იყო და ხალხს მისი იმედი ჰქონდა, „ნაცმოძრაობის" აკრძალვას გვპირდებოდა - მე თქვენ დაგასრულებთო. შემდეგ კი, როცა გახარიამ ხტუნვა დაიწყო, სახელმწიფო ინტერესები უგულვებელყო და გადადგა, თუ გახსოვთ როგორი აღტკინებული იყვნენ „ნაცები" და თავად სააკაშვილიც. ამის მერე ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა და გახარიას პარტია ალიანსში „ნაცმოძრაობასთან" შევიდა ოთხ მუნიციპალიტეტში. „ნაცმოძრაობა" საყოველთაოდ აღიარებული დამნაშავეა, რომელიც ყოველ წუთსა და წამს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამ ფონზე რა გამოდის, რომ დამნაშავესთან თანამშრომლობ? აქედან გამომდინარე, მე არაფერს გამოვრიცხავ",- განაცხადა ედიშერ გვენრტაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ „ლელოს" და გახარიას პარტიის აკრძალვის წინაპირობები არ ჩანს.
„პირველ რიგში, რადიკალურ ოპოზიციაში მოიაზრებულია „ნაცმოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებებისთვის", ასევე სავარაუდოდ, „ფედერალისტებეც" იქნება საუბარი, რომელსაც საქმიანობას აუკრძალავენ. თუმცაღა ამით თავად ხელისუფლებას ექმნება პრობლემები, რადგან ვინც ადრე „ნაცმოძრაობაში" იყო, დღეს სხვადასხვა თანამდებობებს იკავებენ.
რაც შეეხება გახარიას და „ლელოს", რატომღაც მგონია, რომ მათ აკრძალვა არ ემუქრებათ, რადგან „ოცნება" ამ ორს მაინც და მაინც კონკურენტად ვერ აღიქვამს. მითუმეტეს, გახარიას პარტიაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი არც არავინაა. თან ამ ორივე პარტიაში ხელისუფლევასთან რაღაც გარიგების ნიშნები არსებობს. შემთხვევით არ მოხდა, როცა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხიდან გამოუშვეს. ასევე, ვფიქრობ, რომ შეიძლება ფორმალური ოპოზიციის არსებობა აწყობდეთ. გამორიცხული არც ისაა, რომ რუსეთის ფარული მოთხოვნა იყოს ყველა პროდასავლური პარტიის გაუქმება, მაგრამ მაინც პირველ ვარიანტს განვილხილავ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".